ბიოეთიკის ცენტრის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის - კვლევითი და სასწავლო ინსტიტუციის - საქმიანობა მოიცავს კვლევისა და სწავლების კომპონენტების ერთიანობას და ინტერდისციპლინურ გაერთიანებას.
გამოყენებითი ეთიკის ერთ-ერთი მიმართულების — ბიოეთიკისა და სამედიცინო ეთიკის — საკითხებით მსოფლიო XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაინტერესდა. ბიოეთიკის, როგორც ახალი მიმართულების, მოთხოვნა სიცოცხლის მეცნიერებების, ასევე, ტექნიკის განვითარებამ, შესაბამისად, ბუნებასა და ადამიანურ მოღვაწეობაში მისი ფაქტორის და მნიშვნელობის გაზრდამ გამოიწვია; გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომლებიც ინტერდისციპლინურ მიდგომებს და სპეციალური კომისიების, ცენტრებისა და კომიტეტების შექმნას მოითხოვენ. ისინი ინტერპროფესიულ გაერთიანებებს წარმოადგენენ და ეხმარებიან მკვლევრებს თავიანთ სფეროში ეთიკური საკითხების აღმოჩენასა და მათ ნორმატიულ რეგულირებაში. ასეთი გაერთიანებები შედგება იურისტების, ექიმების, ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების, თეოლოგებისა და სხვა პროფესიების წარმომადგენლებისგან. მათი ფუნქციაა, შეიმუშაონ ახალი სამეცნიერო კვლევებისათვის ნორმატიული საფუძვლები. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ფუნქციონირებს სპეციალური ბიოეთიკისა და სამედიცინო ეთიკის საკითხების კვლევითი ცენტრები, რომელთა საქმიანობა მიმართულია სხვადასხვა სახის კვლევებისაკენ, ასევე, კლინიკების საქმიანობაში ეთიკური საკითხების აღმოჩენისა და რეგულირებისაკენ.
2005 წლის 19 ოქტომბერს UNESCO-ს მიერ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ერთხმად მიღებულ „ბიოეთიკისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო განმარტებებში“ აღნიშნულია, რომ მორალური და ეთიკური განაზრებები სამეცნიერო და ტექნიკური განვითარების აუცილებელ ნაწილად უნდა აღიქმებოდეს. შესაბამისად, ბიოეთიკის კომისიებს გადაწყვეტილებების მიღებისას არსებითი როლი უნდა დაეკისროს. აქვე ნაჩვენებია ამ ტიპის დამოუკიდებელი და ინტერდისციპლინური კომისიების მნიშვნელობა სახელმწიფოსათვის და ისიც, რომ სახელმწიფომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი უნდა შეუწყოს კომისიების მუშაობას სხვადასხვა აქტივობით; სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობაზე და ინფორმაციის გაცვლაზე.