2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები
ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტები და მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ ნიდერლანდური ენის კონფერენციებში და წარჩინებული სტუდენტები ყოველ ზაფხულს მიემგზავრებიან ნიდერლანდებსა და ფლანდრიაში.
2018 წლის 12 აპრილს მოსკოვში, საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში, „აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტიკის გაერთიანების“ ორგანიზებით და „ნიდერლანდური ენისა კავშირის“ დაფინანსებით ჩატარდა ნიდერლანდური ენის სტუდენტური კონფერენცია "ნიდერლანდები და ფლანდრია და თანამედროვეობა: გამოწვევები და იმედები", რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის მასწავლებელმა, ნინო ფხაკაძემ და სამმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საუკეთესო ესეს კონკურსა და მრგვალი მაგიდის კონფერენციაში, რომელშიც პირველი ადგილები დაიკავეს..
2018 წლის მაისში, ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრში ჩატარდა B2 დონის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა „ნიდერლანდური როგორც უხო ენა“ - CNaVT. აღნიშნული გამოცდა „ნიდერლანდური ენის კავშირის“ პროექტია, რომელიც ლეუვენის უნივერსიტეტის დახმარებით ხორციელდება. CNaVT -ს სერტიფიკატი სტუდენტებს მომავალში საშუალებას აძლევს ნიდერლანდებისა და ფლანდრიის უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა. 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამმა სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა ეს გამოცდა. გამოცდის საფასური ქართველ სტუდენტებს „ნიდერლანდური ენის კავშირმა“ დაუფინანსა.
2018 წლის 3-5 მაისს, ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის დირექტორი, ნინო ფხაკაძე, ასოციაცია „ორდე ვან დენ პრინსე ჰეერლენის“ თავმჯდომარის მიერ მიწვეული იყო ნიდერლანდებში. სტუმრობის მიზანი იყო ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრთან ურთიერთობების გაღრმავება. აღსანიშნავია რომ, „ორდე ვან დენ პრინსე ჰეერლენი“ ქართველ სტიპენდიანტებს, გენტის უნივერსიტეტში საზაფხულო კურსებზე დასასწრებად, გზის ხარჯებს უფარავს და ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკას წლების მანძილზე ამარაგებს უახლესი ლიტერატურით.
2018 წლის ივლის-აგვისტოში ოთხი სტუდენტი იმყოფებოდა ბელგიასა და ნიდერლანდებში. აქედან ორი A2 დონის საერთაშორისო ურთერთობების სტუდენტი, ასოციაცია „ორდე ვან დენ პრინსე ოოსტენდესა და კორტრეიკის“ სრული დაფინანსებით სამი კვირით იმყოფებოდა ქ. კორტრეიკსა და ოოსტენდეში, რაც მოიცავდა უამრავ კულტურულ აქტივობას, ექსკურსიებს ბელგიის სხვადასხვა ქალაქში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში და სტაჟირებას ოოსტენდეს მერიასა და ბიბლიოთეკაში. B2 დონის ორმა სტუდენტმა მიიღო „ნიდერლანდური ენის კავშირის“ სტიპენდია და ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდა გენტის უნივერსიტეტის საზაფხულო კურსებზე „ენა, კულტურა და პროფესია“. კურსები მოიცავდა ექსკურსიას ჰააგაში და სტაჟირებას ამსეტრდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. გენტის კურსების დასრულების შემდეგ, B2 დონის ორი სტუდენტი სამი დღით ესტუმრა ნიდერლანდების ქალაქ ჰეერლენს. სტუდენტებს მასპინძლობდნენ ასოციაცია „ორდე ვან დენ პრინსე ჰეერლენის“ წევრები, რომლებმაც გენტის საზაფხულო კურსების გზის ხარჯები დაუფარეს. სტუდენტების სტუმრობა მოიცავდა ექსკურსიებს ნიდერლანდებსა და გერმანულ ქალაქ აახენში.
ცენტრის ნიდერლანდური ენის მასწავლებელი, ნინო ფხაკაძე, 2018 წლის 27-31 აგვისტოს „ნიდერლანდური ენის კავშირის“ დაფინანსებით ლეუვენის უნივერსიტეტში დაესწრო „საერთაშორისო ნიდერლანდისტიკის გაერთიანების„ რიგით მე-20 კოლოკვიუმს. ლეუვენში ყოფნისას უკრაინელ, ბულგარელ და თურქ კოლეგებთან ერთად სტუდენტების ერთმანეთთან დაახლოების აზრი დაიბადა და შეიქმნა დახურული ფეისბუქ ჯგუფი „Taamaatjes Zwarte Zee”, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი, უკრაინელი, ბულგარელი და თურქი სტუდენტების დაახლოებას, ნიდერლანდური ენის ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას. ჯგუფში სტუდენტებისათვის კვირაში ერთხელ იდება დავალებები და საინტერესო ინფორმაცია ნიდერლანდებსა და ბელგიაზე. ამ ეტაპზე ჩართულია 49 სტუდენტი, მათ შორის 8 ქართველი.
18-20 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრში, „ნიდერლანდური ენისა კავშირის“ დაფინანსებით გაიმართა „აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანისტიკის“ რიგით მე-6 კოლოკვიუმი "კულტურული იდენტობა და ენა". კოლოკვიუმის გახსნაზე ჩამოსული იყო „ნიდერლანდური ენის კავშირის“ წარმომადგენელი, ქ-ნი ინგრიდ დეხრავე.
2018 წლის ნოემბერში გვესტუმრა ბელგიელი ჟურნალისტი და მწერალი დირკ ტიილემანი, რომელიც ქართველ სტუდენტებს შეხვდა და თავის ახალ წიგნებზე ესაუბრა.
ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს „მკითხველთა კლუბი“, რომელსაც უძღვება ელჩის მეუღლე, ქალბატონი ალეიდ დაუმა.