სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი ჩამოყალიბდა 2007 წელს, მანამდე არსებული იმავე სახელწოდების კათედრის ბაზაზე, რომელიც, თავის მხრივ, ოცდაათწლიანი არსებობის ისტორიას ითვლის. ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული ფართო სპექტრის საგანმანათლებლო ერთეულია, რაც სავსებით შეესაბამება სახელოვნებო დარგების სწავლების ევროპულსა და ამერიკულ საუნივერსიტეტო მოდელებს. საქმიანობის ყველა ასპექტის მაღალ დონეზე განსახორციელებლად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი აერთიანებს სასწავლო ბაზით - სახელდობრ, ხატვის, ფერწერისა და პროგრამით გათვალისწინებული ყველა კომპოზიციისთვის საჭირო ინვენტარით - აღჭურვილ სახელოსნოებს.
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრმა შეიმუშავა ინტეგრირებული მიმართულებები, რომლებშიც გაერთიანებულია ურთიერთთავსებადი დარგები. ამგვარი ინტეგრაციით უზრუნველყოფილია მრავალმხრივი სპეციალისტის მომზადება. ამასთან, ცენტრში შემუშავდა სახელოვნებო დარგში სადიპლომო პროექტის შესრულების სრულიად ახლებური პრინციპი. სახელდობრ, იქმნება არა ინდივიდუალური, არამედ საერთო კონცეფციის მქონე ერთობლივი ჯგუფური პროექტები, რომლებშიც ერთიანდებიან სხვადასხვა სახელოვნებო დარგის სტუდენტები. ამგვარი თანამშრომლობა ხელს უწყობს სტუდენტთა ტრანსფერული უნარების წარმოჩენასა და მაღალი მხატვრული ხარისხის მქონე სადიპლომო ნამუშევრის შექმნას. მომავალში იგეგმება ამგვარი პროექტების შემდგომი დახვეწა-განვითარება და მათ განხორციელებაში უნივერსიტეტის სხვა სახელოვნებო ცენტრების სტუდენტთა ჩართვა, რაც ექსპერიმენტის სახით უკვე განხორციელდა 2010 წლის სადიპლომო ნამუშევრების დაცვის დროს ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტებთან თანამშრომლობით.