მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები

 2015 წლის 1-ლი დეკემბრიდან საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრმა, USAID-თან და საქართველოში მის კონტრაქტორ ორგანიზაციასთან - Tetra Tech ARD - მჭიდრო თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება: „ქართული აკადემიის მიერ საკანონმდებლო და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“. ერთწლიანი პროექტის მიზანი იყო, საქართველოში პოლიტიკისა და სამართალწარმოების პროცესების გაუმჯობესებისა და აკადემიური სფეროს ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

პროექტის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროების თანამშრომლებისთვის საგანმანათლებლო კურსების მომზადება. მასში მონაწილეობით, პარლამენტის თანამშრომლებმა შეძლეს პოლიტიკის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური ანალიზის სფეროში თანამედროვე აკადემიური დისკურის გაცნობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა. პროექტის მიმდინარეობისას გადამზადდა საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის 80-მდე თანამშრომელი.

აკადემიური სფეროს პოლიტიკის და სამართალწარმოების პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, ამოქმედდა სტაჟირების პროგრამაც. შეირჩა 3 სტაჟიორი, რომლებიც ჩაერთნენ პარლამენტის 3 კომიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში და, საჯარო პოლიტიკის კვლევის და ტრენინგების ცენტრის მხარდაჭერით, მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა შეიმუშავეს 18 პოლიტიკის მოკლე დოკუმენტი, რომელთა ნახვაც შესაძლებელია საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის ვებგვერდზე: pprtc.iliauni.edu.ge.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდა საჯარო ჩართულობის გზამკვლევი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისა და თანამშრომლებისათვის. გზამკვლევის მყარი ვერსიები დაეგზავნათ საქართველოს პარლამენტის წევრებსა და კომიტეტების აპარატის თანამშრომლებს, ხოლო ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: pprtc@iliauni.edu.ge

გარდა ამისა, საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად, განახორციელა პროექტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ევროინტეგრაციის თემატიკის საფუძვლიანი გაცნობა. პროექტი მოიცავდა ლექციათა ციკლს, რომელიც მომზადდა სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულებისა და ორგანიზატორების მიერ .

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ორგანიზებით, იწყება ლექციათა ციკლი საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე. სალექციო კურსი მომზადებულია სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულებისა და ორგანიზატორების მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ევროინტეგრაცია და ამ პროცესის გავლენები საქართველოს ეკონომიკაზე; კერძო სექტორის - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები; ვიზალიბერალიზაციის პროცესი; ანტიევროპული ნარატივი ქართულ მედიაში და სხვ. ლექციებს წაიკითხავენ საჯარო სამსახურის და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საჯარო სექტორის რეფორმებში, საერთაშორისო მოლაპარაკებებში ან/და კვლევით საქმიანობებში.

ლექციათა პირველი სერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 5-29 აპრილს ჩატარდა, აუდიტორიის წინაშე ევროინტეგრაციის თემაზე ლექციები წაიკითხეს გიგი გიგიაძემ, ბათუ ქუთელიამ, შიო ხეცურიანმა, თამარ ხორბალაძემ, ირინა კვახაძემ, ირინა გურულმა და გიორგი ქადაგიძემ.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატები.

 14-16 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი საჯარო პოლიტიკის კვლევის მეთოდებში. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელებისათვის მომზადებული ტრენინგკურსის მთავარი მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლება კვლევის მეთოდოლოგიაში.


პირველ დღეს ტრენინგს უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დავით აფრასიძე. მან სტუდენტებს გააცნო განსხვავება საჯარო პოლიტიკის კვლევასა და პოლიტიკის მეცნიერების კვლევას შორის და ამ ორი სფეროს ურთიერთმიმართება. მან ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო პოლიტიკის კვლევის როლზე. მსმენელები, ასევე, გაეცნენ საჯარო პოლიტიკის ციკლს, კვლევასთან დაკავშირებულ ეთიკურ ასპექტებს და ა.შ.

მეორე დღეს საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, არჩილ აბაშიძემ, მონაწილეებს გააცნო საჯარო პოლიტიკის კვლევის არსი და მიზანი, უჩვენა პოლიტიკის დოკუმენტის თავისებურებები სამიზნე ჯგუფის, მეთოდოლოგიის, დოკუმენტში გამოყენებული ენისა და ფოკუსის ჭრილში.
მონაწილეები, ასევე, გაეცნენ საჯარო პოლიტიკის ანგარიშის ტიპებსა და მათ სტრუქტურას. გააანალიზეს უკვე არსებული პოლიტიკის დოკუმენტები.

ტრენინგის დასკვნით ნაწილში საჯარო ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებულმა, გიორგი სელიმაშვილმა, სტუდენტებს დეტალურად აღუწერა კვლევის პროცესი და მის მიმდინარეობისას წარმოქმნილი შესაძლო სირთულეები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატები.

 2016 წლის ბოლოს, ნოემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრში დაიწყო ახალი პროექტი - ლექციათა სერია თემაზე: „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“.

პროექტი მოიცავდა 7-8 საჯარო ლექციას. პროექტის მიმდინარეობისას მსმენელებმა გაიღრმავეს ცოდნა იმის შესახებ, თუ ევროპეიზაციის პროცესმა რა გავლენა მოახდინა საქართველოში საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე: მაკროეკონომიკაზე, მეწარმეობაზე, კერძო ბიზნესზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სამართალზე, ენერგეტიკასა და საგარეო პოლიტიკაზე.

ლექციათა სერიას უძღვებოდნენ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები:

  • დავით აფრასიძე (საგარეო პოლიტიკა)
  • გიორგი გახელაძე (განათლება)
  • გიორგი ბაქრაძე (მაკროეკონომიკა)
  • ნიკოლოზ ყაველაშვილი (ფინანსური ბაზრები)
  • გიორგი ბეგაძე (ტურიზმი)
  • ირაკლი ფორჩხიძე (სამართალი)
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი (ჯანდაცვა)
  • ბათუ ქუთელია (თავდაცვა)

2016 წლის ბოლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრმა ახალგაზრდა მკვლევარებისათვის გამოაცხადა კონკურსი, რომლის მთავარი მიზანი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში, შერჩეულმა პირებმა ინდივიდუალურად და ჯგუფურად მენტორის დახმარებით შეიმუშავეს პოლიტიკის დოკუმენტები საჯარო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, მათ შორის: ეკონომიკაზე, განათლებაზე, ევროინტეგრაციაზე და სხვა თემებზე. პროექტის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები ხელმისაწვდომია საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე pprtc@iliauni.edu.ge

ბანერები