2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები
მას შემდეგ, რაც 2012 წელს უნივერსიტეტში რომანისტიკის მიმართულების და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინიციატივით დაარსდა რეგიონალური ფრანკოფონული სადოქტორო კოლეჯი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში - CODFREURCOR (იხ. საიტი www.codfreurcor.iliauni.edu.ge ), ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნული კოლეჯის წევრ 15 უნივერსიტეტთან და ჩაბმულია კოლეჯის ფუნქციონირების უზრუნველყოფაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია დოქტორანტთა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება როგორც კოლეჯის წევრი უნივერსიტეტების, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების დოქტორანტებისა და პროფესორების მონაწილეობით და კონფერენციების მასალების გამოქვეყნება ფრანგულენოვან ჟურნალში Etudes interdisciplinaires en Sciences humaines - ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (იხ. საიტი www.eish.iliauni.edu.ge ). 2018 წელს ცენტრისა და კოლეჯის ეგიდით გამოვიდა აღნიშნული ჟურნალის მე-5 ნომერი, როგორც ელექტრონული, ასევე სტამბური ვერსია.
მიმდინარე წლის 25-27 ოქტომბერს ICRDIT-ის, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრისა და ექსი-მარსელის უნივერსიტეტის ლიტერატურების ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 37 ქართველმა და 22 უცხოელმა მეცნიერმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან.
კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული, ფრანგული, ინგლისური.
კონფერენციაზე მოსმენილ იქნა 6 პლენარული მოხსენება (ალექსი ნუსელოვიჩი, მარი-ვრინა ნიკოლოვი, მეთინ ეკიჩი, იაშარ ეიუპ ოუზვერენი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ბელა წიფურია). კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინა ცენტრის ექვსმა წევრმა.
კონფერენციას მიეძღვნა ზღვის თემაზე შექმნილი ნახატებისა და ფოტოების გამოფენა. ფოტოების ერთ-ერთი ავტორი გახლდათ თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორი ელენი ჟინუ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რომანული ფილოლოგიის მიმართულების მოწვევით იმყოფებოდა ერასმუსის აკადემიური მობილობის ფარგლებში.
26 ოქტომბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც მოწვეულმა სტუმრებმა, ასევე ქართველმა მეცნიერებმა. ბულგარეთის აკადემიის პროფესორის, იორდან ლიუცკანოვის წინადადების საფუძველზე გადაწყდა, იგივე თემატიკაზე მორიგი კონფერენცია ჩატარდეს 2020 წლის მარტში ბულგარეთში. კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობას მიიღებს ICRDIT-იც. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს აგრეთვე 2019 წელს „ჰორიზონტი 2020“ კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონსორციუმის შექმნისა და სავარაუდო თემატიკის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე ქართველი მეცნიერების მორიგი შეკრება გაიმართა 31 ოქტომბერს. შეკრებაზე გადაწყდა დეკემბრის ბოლოსთვის პროექტის კონცეფციის შემუშავება, კონსორციუმისა და სავარაუდო თემატიკის ირგვლივ ბიბლიოგრაფიის შედგენა. პროექტის სახელწოდება იქნება შავი ზღვა როგორც ცივილიზაცია. ცივილიზაციის კონცეპტის გადააზრება. პროექტის მომზადებას ხელმძღვანელობს ICRDIT-ის დირექტორი, პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი.
სამივე დღის განმავლობაში კონფერენციის მსვლელობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და 6 პლენარული მოხსენების ვიდეო ჩანაწერი სრულად არის განთავსებული იუთუბზე, უნივერსიტეტის პორტალზე, ისევე, როგორც უნივერსიტეტის ფეისბუკის გვერდზე.
კონფერენციის ამსახველი ფოტო მასალა
https://www.facebook.com/pg/Iliauni/photos/?tab=album&album_id=2213964601949444
კონფერენციის ამსახველი ვიდეო მასალა
https://www.youtube.com/user/iliauni/playlists
ცენტრმა მონაწილეობა მიიღო რუმინეთის ქალაქ იასიში 2018 წლის 16-17 ნოემბერს გამართულ CODFREURCOR-ის მე-6 საერთაშორისო კონფერენციის მომზადებაში. კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინა ცენტრის ოთხმა წევრმა (ფოტოები იხილეთ მიბმულ დოკუმენტში)
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება 2019 წლის აგვისტოში ჟურნალის Études interdisciplinaires en Sciences humaines - EISH (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-6 ნომერში, რაც საშუალებას მისცემს უფრო ფართო საზოგადოებას, გაეცნოს უახლეს მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით შესრულებულ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევებს.
ICRDIT მონაწილეობს CODFREURCOR-ის მე-7 საერთაშორისო სამეცნირო კონფერენციის მომზადებაში, რომელიც გაიმართება 2019 წლის 4-6 აპრილს რუმინეთის ქალაქ სუჩევაში თემაზე Le patrimoine canonique – support de la vitalité et de la diversité culturelles (კანონიკური მემკვიდრეობა - კულტურული ცხოველმყოფელობისა და მრავალფეროვნების საყრდენი). იგეგემება ცენტრის წევრების მიერ კონფერენციაზე მოხსენებების წარდგენა.
ცენტრის 5 წევრი არის AUF-ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო) ექსპერტი.
ცენტრის 4 წევრის მოხსენება მიღებულია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ენა და ტერიტორია 4 სამეცნიერო კომიტეტის მიერ, რომელიც გაიმართება იტალიის ქალაქ ტრენტოში 2019 წლის 24-30 ივნისს.
გრძელდება თანამშრომლობა პოლ ვალერის უნივერსიტეტ - მონპელიე 3-თან. დღეს ამ ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევით დონეზე სამი მიმართულებით ხორციელდება - ენის მეცნირებების, გამოყენებითი უცხო ენებისა და შუა საუკუნეების კვლევების, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ICRDIT. იგეგემება თანამშრომლობის გაფართოება მუსიკოლოგიის სფეროში.
2018 წელს გაგრძელდა მუშაობა ქართულ-ფრანგულ-ინგლისური ლინგვისტური ლექსიკონის შედგენაზე. პროექტში ჩართულია 5 სპეციალისტი. აღნიშნული ლექსიკონის შედგენისათვის ცენტრი თანამშრომლობს ჩვენი პარტნიორი ფრანგული უნივერსიტეტის პოლ ვალერის უნივერსიტეტი - მონპელიე 3 ენის მეცნიერებების დეპარტამენტთან.
მიმდინარეობს ამავე დეპარტამენტთან თანამშრომლობით ქართველი სტუდენტებისთვის შედგენილი სოციოლინგვისტიკის სახელმძღვანელოს რედქტირება, რომელიც დაიბეჭდება 2019 წლის გაზაფხულზე.
2018 წლის 29 იანვარს ცენტრის დირექტორი, პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი არჩეულ იქნა მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის (დაარსებულია ლუი XIV-ს მიერ 1706 წელს) წევრ-კორესპონდენტად. 10 დეკემბერს აკადემიის ლიტერატურის სექციაზე მან გააკეთა მოხსენება Chota Roustavéli, poète d'un apogée politique et culturel de la Géorgie, son œuvre – Le Chevalier à la Peau de Tigre - et ses traductions en français (შოთა რუსთაველი, საქართველოს პოლიტიკური და კულტურული აპოგეის პოეტი, ვეფხისტყაოსანი და მისი ფრანგულენოვანი თარგმანები). მოხსენებაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო თამარის ეპოქის მიმოხილვას, შოთა რუსთაველის პოემის, როგორც თანამედროვე რომანის წინამორბედის, ადგილს და მნიშვნელობას ეროვნულ და მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში, გავლებულ იქნა პარალელები იმავე ეპოქის ფრანგი ავტორის კრეტიენ დე ტრუას და გერმანელი პოეტის ვოლფრამ ვონ ეშენბახელის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან. მოხსენების დიდი ნაწილი დაეთმო ვეფხისტყაოსნის სამი ფრანგულენოვანი თარგმანის შედარებას და იმ სირთულეების გამოკვეთას, რომელთა წინაშე აღმოჩნდნენ მთარგმნელები - გიორგი გვაზავა, სერგი წულაძე და გასტონ ბუაჩიძე. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც დამსწრე აკადეკოსებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ზოგადად, საქართველოს ისტორიისა კულტურის, დღევანდელობის და კონკრეტულად, ვეფხისტყაოსნის და მისი ფრანგულენოვანი თარგმანების მიმართ. აკადემიის ბიბლიოთეკას გადაეცა ვეფხისტყაოსნის სერგი წულაძის მიერ შესრულებული თარგმანი და EISH-ის მე-5 ნომერი (აკადემიაში გამოსვლის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ მიბმულ დოკუმენტში).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ICRDIT-ის სახით მონაწილეობს AUF-ის ორი წევრი უნივერსიტეტის - მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის და რუმინეთის პიტეშტის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ორ წლიანი პროექტების კონსორციუმში.
მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული პროექტი ითვალისწინებს კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების (მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუმინეთის ქალაქ სუჩევას სტეფან ჩელ მარეს უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტრასბურგის უნივერსიტეტი) ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში ფრანგულენოვანი პუბლიკაციების ერთობლივი პლატფორმის შექმნას.
პიტეშტის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული პროექტი ითვალისწინებს სამი ქვეყნის - რუმინეთი, საქართველო, ალჟირი - მრავალენოვან კონტექსტში ენობრივი სიტუაციის ანალიზს ენებს შორის კონტაქტების/კონფლიქტების კუთხით.
ორივე პროექტს, გამარჯვების შემთხვევაში, ერთობლივად აფინანსებს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო და რუმინეთის განათლების სამინისტრო.