ქართული ენის სახელოსნოს პროგრამები
ამჟამად პროგრამაში ჩართულია 4 მენტორი ლექტორი და მათი ხელმძღვანელობით 10 ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელთაც გავლილი აქვთ ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო პროგრამა ან შესაბამისი მეთოდური ტრენინგ-კურსები მასწავლებლის პროფესიული მომზადების ეროვნულ ცენტრში. პროგრამაში მონაწილე ფილოლოგიური პროფილის ლექტორებსაც ეძლევათ საშუალება, გაიარონ აღნიშნული პროგრამის კურსები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის (თინათინ კიღურაძე, ეკატერინე ქუთათელაძე) მიერ შემუშავებულია ახალი მეთოდური მიმართულება ქართულის, როგორც მეორე და უცხო ენის სწავლების დარგში (იხ. ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკა http://geofl.ge/#!/page_metodic), რომლის საფუძველზეც მზადდება ახალგაზრდა კადრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე.
ამ პროგრამის კურსდამთავრებული ბაკალავრები, შესაბამისი პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შედეგად, წარმოადგენენ „ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის“ პროგრამის ძირითად ბირთვს. მათთვის ტარდება რეგულარული სამენტორო სტაჟირება, რის განმავლობაშიც ახალგაზდრა დამწყები კადრები მუდმივად არიან გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობის ქვეშ, როგორც სასწავლო პროცესის წარმართვის, ასევე მასალებზე მუშაობის პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.
პროგრამის ყველა კურსი მიმდინარეობს სწავლების შერეულ ფორმატში (ონლაინ-დავალებები + ტრადიციული ფორმატი). ამ მიზნით პროგრამის კურსებისთვის გამოიყენება მულტიმედია ლაბორატორია (D307), რომელიც აღჭურვილ იქნა TEMPUS DIMTEGU პროექტის ფარგლებში მულტილინგვური სწალების დასანერგად, რაც ხორციელდება ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების ფორმატში ცალკეულ საგნებში: მედიაკურსი 1 და 2, ენა და კულტურა, ხოლო ონლაინსწავლების ფორმატი ხორციელდება ყველა კურსის ფარგლებში: სტუდენტები რეგულარულად ტვირთავენ საშინაო დავალებებს პორტალზე, რომელზეც მიბმულია პლაგიატის გადამამოწმებელი პროგრამა, მიმდინარე მასალების ნაწილი განთავსებულია ამავე პორტალზე. ასევე, სტუდენტები ასრულებენ ონლაინ-დავალებებს, რომლებიც შექმნილია „ქართული ენის სახელოსნოს“ პერსონალის მიერ შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის პროექტის ფარგლებში „ძველი და თანამედროვე ქართული ენის სასწავლო ონლაინ-პორტალი“. მასალა განთავსებულია პორტალზე moodle.iliauni.edu.ge.
2017 წლის იანვარში ამავე პორტალზე უნივერსიტეტის მასშტაბით პირველად ჩატარდა საპილოტე რეჟიმში ონლაინტესტირება, რომელმაც ძალიან კარგი გამოძახილი ჰპოვა როგორც პროგრამის სტუდენტებში, ასევე ლექტორებში.
ქართული ენის სახელოსნოს მიერ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებისთვის ტარდება ცალკეული ღონისძიებები: მაგ. კავკასიური საღამო, თამაში „ვინ? სად? როდის?“.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ამჟამინდელი და კურსდამთავრებული სტუდენტების საუნივერსიტეტო და სამოქალაქო სივრცეში ინტეგრაციის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნავს აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „თბილისის ახალგაზრდული ცენტრი“ ტუტორიუმის პროგრამისა და სხვადასხვა ტრენინგების საშუალებით.