მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრის შესახებ

ცენტრის შესახებ

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გლობალიზაციის პროცესმა, საზღვრების გახსნამ და მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების მობილობის გაადვილებამ მთელ მსოფლიოში შექმნა სრულიად ახალი ლინგვისტური კონტექსტი. ამ სიტუაციამ განაპირობა სხვადასხვა დარგის და, მათ შორის, ენათმეცნიერების, დიდაქტიკოსების, ლიტერატურის, ზოგადად, კულტურის სპეციალისტების მიერ ახლებურად გააზრება იმისა, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ ენები და კულტურები, როგორი მეთოდოლოგიით ვაწარმოოთ სამეცნიერო კვლევები.

ბოლო რამდენიმე წელია, დიდაქტიკოსები ასაბუთებენ მრავალენოვან საზოგადოებაში პლურილინგვიზმის დამკვიდრების აუცილებლობას და გვთავაზობენ ენებისა და კულტურების სწავლების ახალ მეთოდებს. მათ შორის მნიშვნელოვანია ერთი და იმავე ოჯახის რამდენიმე ენის პარალელური სწავლება (უკვე დამკვიდრდა ცნებები/ტერმინები: Esprit de famille, Intercompréhension romane).

აღსანიშნავია, რომ რომანისტიკის მიმართულებაზე ეს მეთოდოლოგია ბაკალავრიატის დონეზე დავნერგეთ 2009-2010 სასწავლო წელს. რომანისტიკის, როგორც სპეციალობის, არჩევის შემთხვევაში, სტუდენტებს ერთი სემესტრის განმავლობაში ვთავაზობდით ლათინური ენის შესწავლას, ხოლო V სემესტრიდან - არჩეული სპეციალობის ენის პარალელურად, დამატებით კიდევ ერთი რომანული ენის შესწავლას. იმისათვის, რომ სტუდენტებს გაადვილებოდათ მონათესავე ენების შესწავლა, დიდაქტიკურ მასალად ვთავაზობდით ერთ ტექსტს სამ რომანულ ენაზე.

ამ მეთოდოლოგიის შემოღებამ განაპირობა შეპირისპირებითი კვლევების წარმოების აუცილებლობა სამი რომანული ენის, კულტურისა და ლიტერატურის სფეროში. ამის განხორციელება კი შესაძლებელი გახდა 2010 წელს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის - რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი (Intercompréhension romane. Dialogue intertextuel (ICRDIT)) - შექმნით, რომელსაც ცნობილი ენათმეცნიერის, შარლ ბალის სახელი მივანიჭეთ.

ბანერები