მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებები

ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებები

2015 წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, კვლევითი ცენტრის და სედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტის (ონტარიო, კანადა) ერთობლივი ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და ტერიტორია 2“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 28 ქვეყნის უნივერსიტეტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 94-მა წარმომადგენელმა. კონფერენციის მასალების მომზადებაზე მუშაობს როგორც შარლ ბალის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ასევე - ლორანსიენის უნივერსიტეტი. მასალები ორ წიგნად (თითოეული 500 გვერდის მოცულობით) გამოიცემა 2017 წლის აპრილის ბოლოს მონოგრაფიულ სერიაში ჰუმანიტარულ მეცნიერებებში კანადაში ლორანსიენის უნივერსიტეტის დაფინანსებით. ქართველი მეცნიერების სტატიები, რომლებმაც მოხსენებები ქართულ ენაზე წარმოადგინეს, გამოქვეყნდება როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე (რედ. ჟული ბუასონო. ალი რეგიგი, მზაღო დოხტურიშვილი).

ცენტრის ინიციატივით 2011 წელს თბილისში, 2012 წელს მონპელიეში, ხოლო 2014 წელს ერევანში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროპა და კავკასია. რეგიონთშორისი ურთიერთობები და იდენტობის პრობლემა“. მონპელიეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოიცა ორი კრებული: პირველი - 2012 წელს ჩვენს უნივერსიტეტში სახელწოდებით „L’Europe et le Caucase. Les relations interrégionales et la question de l’identité (რედ. მზაღო დოხტურიშვილი, ჟერარ დედეიანი და იზაბელ ოჟე), მეორე 2016 წლის აპრილში, პარიზში, გამომცემლობა GEUTHNER-ის მიერ სახელწოდებით La Géorgie et l’Arménie en dialogue avec l’Europe. Du Moyen Âge à nos jours (რედ. იზაბელ ოჟე, ვლადიმერ ბარხუდარიანი, ჟერარ დედეიანი, მზაღო დოხტურიშვილი, ირმა ყარაულაშვილი).

ამჟამად ცენტრში მიმდინარეობს შემდეგი კვლევითი პროექტები: ლექსიკოლოგიურ-ლექსიკოგრაფიული კვლევები და ტრადუქტოლოგია.

მიმდინარეობს მუშაობა ორ კვლევით პროექტზე:

ა) ევროკომისიის პროგრამა TEMPUS-ის დაფინანსებით, ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან  (პოლ ვალერის უნივერსიტეტი - მონპელიე 3, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბრიუსელის ერაზმუსის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი) თანამშრომლობით, იურისპრუდენციისა და ეკონომიკის დარგში შედგენილი და გამოცემული ხუთენოვანი (ქართულ-ფრანგულ-ინგლისურ-ნიდერლანდურ-რუსული) ლექსიკა - ამჯერად უკვე ლექსიკონების შედგენის მიზნით. აღნიშნულ 5 ენას დაემატა კიდევ ორი რომანული ენა - ესპანური და იტალიური. პროექტში ჩაბმულია 15 პროფესორი, მკვლევარი და მასწავლებელი.

ბ) ქართულ-ფრანგულ-ინგლისური ლინგვისტური ლექსიკონი. პროექტში ჩართულია 5 სპეციალისტი. აღნიშნული ლექსიკონის შედგენისათვის ცენტრი თანამშრომლობს ჩვენი პარტნიორი ფრანგული უნივერსიტეტის (პოლ ვალერის უნივერსიტეტი - მონპელიე 3) ენის მეცნიერებების დეპარტამენტთან. ამავე დეპარტამენტთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა სოციოლინგვისტიკის სახელმძღვანელოს შედგენაზე ქართველი სტუდენტებისთვის.

ცენტრის წევრი პროფესორები აქტიურად მონაწილეობენ მთარგმნელობით საქმიანობაში. მათ მიერ ითარგმნა და გამოიცა არაერთი თანამედროვე ფრანგი მწერლის ნაწარმოებები.

ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF), რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ცენტრის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

2017 წლის 3-4 ოქტომბერს, ცენტრისა და სადოქტორო კოლეჯის ერთობლივი ძალისხმევით, დაგეგმილია მე-5 საერთაშორისო კონფერენცია 21-ე საუკუნის 21 გამოწვევა. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები  და ჟურნალის მე-5 ნომერი გამოვა 2018 წელს დასახელებულ ოთხ რომანულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

2018 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ერთობლივი მონოგრაფიის გამოცემა კავკასიურ-ევროპულ ურთიერთობებზე.

 

 

 

ბანერები