ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის შესახებ
ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი 1999 წელს ქალბატონმა ინგრიდ დეხრავემ დააარსა. ცენტრს საკუთარი აუდიტორიის მოწყობაში დაეხმარა ბელგიურ-ნიდერლანდური ორგანიზაცია „ნიდერლანდური ენის კავშირი“ (Nederlandse Taalunie), რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ნიდერლანდური ენის პოპულარიზაციას ეწევა.
საქართველოში ნიდერლანდურ ენის მხარდამჭერები არიან:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი
- Nederlandse Taalunie, ჰააგა
- Taaluniecentrum NVT, ბრიუსელი
- ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
- Orde van den Prince, ბელგია და ნიდერლანდები
ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია 2000-მდე წიგნი, CD/DVD დისკები, გაზეთები, ლიტერატურული თუ ყოველკვირეული გამოცემები. ნიდერლანდური და ფლანდრიური გამომცემლობებისა და ფონდების დახმარებით, ბიბლიოთეკა ყოველწლიურად იზრდება.
ცენტრი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ქართველ სტუდენტებს, ჩააბარონ სასერტიფიკატო გამოცდა და მიიღონ ნიდერლანდური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი CNaVT, რომელიც ნიდერლანდებისა და ფლანდრიის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.
ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის მიზნები და საქმიანობა
ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის მიზანია, ქართველ სტუდენტებს შეასწავლოს ნიდერლანდური - 23 მილიონი ევროპელის მშობლიური ენა - და მათ ფილოლოგიურ, კულტურულ, პოლიტიკურ თუ კომერციულ სფეროებში ახალი პერსპექტივები შესთავაზოს.
ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის პროგრამები
ცენტრი სტუდენტებს სხვადასხვა სახის სტიპენდიას სთავაზობს. ცენტრის B1-B2 დონის სტუდენტები ყოველწლიურად მიემგზავრებიან „ნიდერლანდური ენისა და კულტურის საზაფხულო“ კურსებზე გენტის უნივერსიტეტში. A2 დონის სტუდენტები მიემგზავრებიან ფლანდრიის ქალაქებში, ფლანდრიულ ოჯახებში, რაც უამრავ კულტურულ აქტივობას და სტაჟირებას მოიცავს. ცენტრი წევრია „აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტიკის ასოციაციისა“, რომელიც, ნიდერლანდური ენის კავშირის დაფინანსებით, ყოველი წლის აპრილში აწყობს სტუდენტურ კონფერენციებს მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში ან მინსკში, სადაც წარჩინებული ქართველი სტუდენტებიც მონაწილეობენ.