2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები
2016 წლის 24-25 ნოემბერს, ერთი მხრივ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის, ხოლო, მეორე მხრივ, ვესტფალიის მიუნსტერის უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის, სამედიცინო ეთიკასა და ბიოპოლიტიკაში ნორმების დადგენის მკვლევართა ჯგუფის ორგანიზებით, ჩატარდა პირველი ვორკშოპი ბიოეთიკაში ქართულ-გერმანული პროექტის - ინსტიტუციონალური თანამშრომლობის კვლევა და განხორციელება საქართველოსთან პარტნიორობით სამედიცინო ეთიკასა და სიცოცხლის მეცნიერებათა ეთიკაში - ფარგლებში.
ვორკშოპს ორგანიზებას უწევდა ბიოეთიკის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო როდონაია და ვესტფალიის მიუნსტერის უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრის, სამედიცინო ეთიკასა და ბიოპოლიტიკაში ნორმების დადგენის მკვლევართა ჯგუფის სამეცნიერო კოორდინატორი, იოჰან ახი.
ვორკშოპი ჩატარდა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.
პირველი ვორკშოპის მიზანი იყო გამოყენებით ეთიკასა და ბიოეთიკაში საქართველოსა და გერმანიაში არსებული დისკუსიებისა და აქტუალური თემების გაცნობა, ბიოეთიკაში არსებული ტერმინოლოგიის ქართულად თარგმნის პრობლემატიკის გააზრება და შეთანხმება. ვორკშოპში მონაწილეობდნენ გერმანელი და ქართველი მეცნიერები შემდეგი მოხსენებებით:
- კვლევის ეთიკა, ეთიკის კომისიების მუშაობა – პროფ. დოქტ. თომას გუტმანი
- გამოყენებითი ეთიკა – დოქტ. სიმონ დერპმანი
- ბიოეთიკური ექსპერტიზა – დოქტ. იან ოლე რაიჰარდტი
- ინფორმირებული თანხმობა – დოქტ. ანდრეას მიულერი
- ადამიანის ღირსება ბიოეთიკაში – პროფ. დოქტ. თომას გუტმანი
- აკადემიური ეთიკის სპეციფიკა საქართველოში – ასოც. პროფ. დოქტ. ქეთევან გურჩიანი
- აბორტი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში – ასოც. პროფ. დოქტ. ნინო როდონაია
- რეპროდუქციის საკითხებთან დაკავშირებული ეთიკური და რელიგიური დისკურსი საქართველოში – პროფ. დოქტ. თამარ ცოფურაშვილი
- ტანჯვა, როგორც მწუხარე მდგომარეობაში არსებობა – ასოც. პროფ. დოქტ. მაკა ლაშხია
- კონფლიქტური დისკურსების გავლენა ქართველი ქალების რეპროდუქციულ პრაქტიკებზე – ელენე გავაშელიშვილი, დოქტორანტი
- “კვდება თუ არა არწივის მზერა არწივთან ერთად”. ერიუგენას ხედვა ცხოველების სულზე – ასოც. პროფ. ლევან გიგინეიშვილი
2016 წელს, ბიოეთიკის ცენტრის ორგანიზებით, „ეთიკის საკითხებზე მომუშავე სტუდენტების ჯგუფი“ რეგულარულად მართავდა შეხვედრებს და განიხილავდა გამოყენებითი ეთიკისა და ბიოეთიკის სხვადასხვა საკითხს.
2016 წლის 1-ლი აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო როდონაია, იმყოფებოდა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის „ეთიკის ცენტრში“ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროფესორთა ორმხრივი გაცვლის სტიპენდიის ფარგლებში. აღნიშნულ პერიოდში იგი მუშაობდა „ეთიკის ცენტრის“ ხელმძღვანელთან, პროფ. დოქტ. ნიკოლაუს კნოპფლერთან, ერთად მისი წიგნის - „გამოყენებითი ეთიკა“ - ქართულ ვერსიაზე. წიგნი ქართულ ენაზე გამოიცემა, როგორც ნიკოლაუს კნოპფლერისა და ნინო როდონაიას თანაავტორობით შექმნილი ნაშრომი; მისი ქართული ვერსია შევსებული იქნება საქართველოსთვის აქტუალური თემებითა და შინაარსით. წიგნი „გამოყენებითი ეთიკა“ განკუთვნილი იქნება სახელმძღვანელოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო კურსებისთვის: „ეთიკა“, „გამოყენებითი ეთიკა“ და „ბიოეთიკა“.
იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის „ეთიკის ცენტრის“ ხელმძღვანელთან, ნიკოლაუს კნოპფლერთან, ერთად, დაიწყო მუშაობა ახალ საერთაშორისო პროექტზე, რომელიც ბიოეთიკის სფეროშია და მასში ჩართული იქნებიან: გერმანია, ბრაზილია, ისრაელი, პალესტინა და საქართველო.
იბეჭდება: ნინო როდონაიას სტატია „ღირსების ცნება ბიოეთიკაში და მისი ფილოსოფიური საფუძვლები“ (კრებული „ფილოსოფია და ლოგიკა”, ლ. მჭედლიშვილისა და მ. ბეჟანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).