ავსტრიული კულტურის ცენტრის მიზნები და საქმიანობა
ავსტრიული კულტურის ცენტრის მიზანია ავსტრიული კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, ასევე, ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა უპირველესად კულტურისა და განათლების სფეროებში.
2003 წელს ავსტრიის რესპუბლიკისა და ლიხტენშტაინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ავსტრიულ ბიბლიოთეკებში, მათ შორის თბილისშიც, გაიხსნა ლიხტენშტაინის განყოფილება.
2013 წლის 20 დეკემბერს ავსტრიული კულტურის ცენტრს შეემატა შვეიცარული ლიტერატურის განყოფილება, რომელსაც კურირებს შვეიცარიის კულტურის სახელმწიფო ფონდი Pro Helvetia და შვეიცარიის საელჩო თბილისში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ავსტრიის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
ავსტრიის საგარეო და კულტურის სამინისტროებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრი რეგულარულად იწვევს განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ავსტრიიდან; ატარებს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს, გამოფენებსა და პრეზენტაციებს, საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებს და სხვა ღონისძიებებს.
ცენტრი 2011 წლიდან უწყვეტად სთავაზობს ილიაუნის სტუდენტებს ორ თითოსემესტრიან სასწავლო კურსს - „ავსტრია - ისტორია და კულტურა“ და „ავსტრია - პოლიტიკურ სამართლებრივი სისტემები“ - როგორც სავალდებულო-არჩევით საგანს და უზრუნველყოფს მათი აქტუალური მასალით შევსება-განახლებას. ძირითად სახელმძღვანელოდ გამოიყენება ცენტრის მთარგმნელობით სახელოსნოში თარგმნილი და ავსტრიული მხარის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული წიგნი „ავსტრია“ (ავტორი: იურგენ კოპენშტაინერი, მთარგმნელი: მზია გალდავაძე).
ვენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, კულტურის ცენტრში ყოველ წელს იგზავნება ვენის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, რომელიც თავისი სავალდებულო პრაქტიკის ფარგლებში ეხმარება ცენტრს პროექტების მომზადება-განხორციელებაში, ასევე, სთავაზობს ილიას უნივერსიტეტის გერმანისტიკის მიმართულების სტუდენტებს 3-4 არჩევით კურსს ავსტრიულ ლიტერატურასა და გერმანულ ენაში.
ავსტრიული კულტურის ცენტრის წიგნადი ფონდის ძირითადი ნაწილი შეტანილია უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის გაერთიანებულ კატალოგში, რაც ცენტრში დაცულ მასალაზე სწრაფი და ხარისხიანი წვდომის გარანტიას ქმნის. (http://library.iliauni.edu.ge/l)
ცენტრის შემადგენლობაშია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზი, საპრეზენტაციო დარბაზი, საინფორმაციო ბიურო და ვრცელი საგამოფენო სივრცე.
ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი აერთიანებს ავსტრიულ ბიბლიოთეკას, ÖSD-საერთაშორისო საგამოცდო ცენტრს და მთარგმნელობით სახელოსნოს.