2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები
ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტები და მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობენ ნიდერლანდური ენის კონფერენციებში და წარჩინებული სტუდენტები ყოველ ზაფხულს მიემგზავრებიან ფლანდრიაში – ბელგიის ნიდერლანდურენოვან მხარეში.
- 2017 წლის 20 აპრილს მოსკოვში, სახელმწიფო ლინგვისტურ უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტიკის გაერთიანების ორგანიზებითა და ნიდერლანდური ენის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო ნიდერლანდური ენისა და კულტურის დღე „ნიდერლანდები და ფლანდრია 21-ე საუკუნეში: ახალი გამოწვევები და იმედები", რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის სამმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საუკეთესო ესესა და ნიდერლანდურენოვანი პოეზიის საუკეთესო თარგმანის კონკურსშიც, რომელშიც პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს;
- 21 აპრილს ცენტრის ნიდერლანდური ენის მასწავლებელმა ნინო ფხაკაძემ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში გაიარა კურსი „საგანმანათლებლო პროგრამების ინდივიდუალიზაცია“, რომელსაც უძღვებოდა ლუვენის უნივერსიტეტის ენისა და განათლების ცენტრიდან მოწვეული მკვლევარი;
- 2017 წლის მაისში ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრში ჩატარდა B1 დონის საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა – CNaVT. ეს გამოცდა ენის კავშირის პროექტია, რომელიც ლუვენის უნივერსიტეტის დახმარებით ხორციელდება. CNaVT-ს სერტიფიკატი (ნიდერლანდური, როგორც უცხო ენა) სტუდენტებს მომავალში საშუალებას აძლევს ნიდერლანდებისა და ფლანდრიის უნივერსიტეტებში განაგრძონ სწავლა. გამოცდაზე გასულმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთივე სტუდენტმა ის წარმატებით ჩააბარა;
- 14 და 21 ივნისს ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრს ესტუმრა ამსტერდამის უნივერსიტეტის მკვლევარი იან სტროოპი, რომელმაც ნიდერლანდური ენის სტუდენტებს ნიდერლანდური ენის დიალექტების შესახებ წაუკითხა ლექციები;
- 2017 წლის ივლის-აგვისტოში ნიდერლანდისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხუთი სტუდენტი იმყოფებოდა ბელგიაში. აქედან ორი ასოციაცია „ორდე ვან დენ პრინსე ოოსტენდეს“ დაფინანსებით სამი კვირით იმყოფებოდა ქ. ბრუგესა და ოოსტენდეში, ეს ვიზიტი უამრავ კულტურულ აქტივობასა და სტაჟირებას მოიცავდა, ხოლო სამი სტუდენტი – „ნიდერლანდური ენის კავშირის“ დაფინანსებით გენტის უნივერსიტეტის საზაფხულო კურსებზე „ენა, კულტურა და პროფესია“;
- ცენტრის ნიდერლანდური ენის მასწავლებელმა ნინო ფხაკაძემ 2017 წლის 16-29 ივლისს ნიდერლანდური ენის კავშირის დაფინანსებით ნიდერლანდებსა და ბელგიაში გაიარა სემინარი „დიდაქტიკა, ენა და კულტურა“. სემინარის პირველი კვირა ჩატარდა ამსტერდამის უნივერიტეტში, ხოლო მეორე – ლუვენის უნივერსიტეტში;
- 2017 წლის 4 ოქტომბერს ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრს ესტუმრა პოზნანის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის ლექტორი კამიილ ჰამანსი, რომელმაც ნიდერლანდური ენის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია ნიდერლანდურ ტელე-რადიომაუწყებლობაზე;
- სექტემბერში ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრს სტუმრად ჰყავდა ასოციაცია „ორდე ვან დენ პრინსე“ კორტრეიკის, ხოლო ოქტომბერში – „ორდე ვან დენ პრინსე“ ჰეერლენის წარმომადგენლები და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ბ. დაუმა. სტუმრებმა ცენტრს აჩუქეს ნიდერლანდურენოვანი ლიტერატურა. სტუმრობის მიზანი იყო ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრთან ურთიერთობების გაღრმავება, ცენტრის ბიბლიოთეკის დათვალიერება და სტუდენტებთან შეხვედრა;
- ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს მკითხველთა კლუბი“ რომელსაც უძღვება ელჩის მეუღლე ალეიდ დაუმა.