მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2018 წელს მეხსიერების კვლევების კაკვასიური ცენტრის წევრები შეუდგნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსებული პროექტის განხორციელებას. პროექტის სახელია: „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“

პროექტის პირველი საანგარიშო პერიოდის (2018 წლის იანვარი-ივნისი)  აქტივობები

პროექტის ძირითადმა პერსონალმა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (აქედან 5 მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის წევრი, ორი სხვა მიმართულებების წარმომადგენელი) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და დოქტორანტებისგან შედგება, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად იმუშავა პირველი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. კერძოდ მკვლევართა ჯგუფის ამოცანები იყო: სამეცნიერო ლიტერატურის, კვლევების, წყაროების მოძიება და ანალიზი და კონცეპტუალური ჩარჩოს შემუშავება.

ამ პერიოდის განმავლობაში პროექტის ჯგუფის წევრები რეგულარულად, თვეში ერთხელ,  ხვდებოდნენ ერთმანეთს. შეხვედრებზე განიხილებოდა კონკრეტული ეტაპისთვის გათვალისწინებული საქმიანობის პროგრესი. პროექტის თითოეულმა მონაწილემ პირველი საანგარიშო პერიოდის ამოცანებს კარგად გაართვა თავი.

საბოლოოდ, 29 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი საანგარიშო პერიოდის შემაჯამებებელი სამუშაო შეხვედრა, სადაც ყველამ წარმოადგინა ამ კონკრეტული ეტაპისთვის აუცილებელი კომპონენტები საკუთარი ნაშრომების კონტექსტში.

გარდა ამისა, პირველი საანგარიშო პერიოდის შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას დაესწრო უცხოელი კონსულტანტი, ამერიკელი მეცნიერი, პროფესორი სტივენ ჯონსი. მან მეტად საყურადღებო რჩევები მისცა პროექტის მკვლევარებს. უკვე საწყისი ეტაპიდან, უცხოელი კონსულტანტის აქტიური ჩართვა კიდევ უფრო ზრდის პროექტის წარმატებით განხორციელების და რეალიზაციის შესაძლებლობებს.

შეიძლება ითქვას, რომ პირველი საანგარიშო პერიოდის დასასრულს კიდევ უფრო გამოიკვეთა თითოეული საკვლევი თემების და საბოლოო საერთო ნარკვევის  კონტურები და მიმართულებები. მკვლევართა ჯგუფის გეგმაზომიერი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად პირველ საანგარიშო პერიოდში პროექტის განხორციელების პროცესში სირთულეები არ ყოფილა.

პროექტის მეორე საანგარიშო პერიოდის (2018 წლის ივლისი-დეკემბერი) აქტივობები

პროექტის მკვლევრებმა მეორე საანგარიშო პერიოდის გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად იმუშავეს. კერძოდ, გათვალისწინებული იყო კვლევის წინასაველე სამუშაოების მომზადება და განხორციელება, ასევე, საველე სამუშაოების პირველი ეტაპის ჩატარება.

თითოეული საკითხი მთავარი პრობლემის სხვადასხვა ასპექტს ეხება, რომლებიც განსხვავებული დისციპლინების (ისტორია, სოციოლოგია, შედარებითი ლიტერატურის კვლევები, კულტურის კვლევები) პერსპექტივიდან განიხილება. შესაბამისად, საველე სამუშაოების ხასიათიც განსხვავდება. ცალკეულ შემთხვევაში, ის მოიცავს წერილობით წყაროებში ნავიგაციას, ზოგ შემთხვევაში კი რეალურად ველზე გასვლას. მაგალითად, მკვლევარი   ელენე კეკელიას იმყოფებოდა დაგეგმილი მივლინებით კახეთის რეგიონში ა/წ 28-30 ივნისს. კერძოდ, მისი ვიზიტი მოიცავდა შემდეგ ლოკაციებს: თელავი, ზემო ალვანი, აკურა. საველე სამუშაოების ფარგლებში მკვლევარმა ჩაატარა სიღრმისეული ინტერვიუები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ე. კეკელიას საკვლევი თემაა „სტალინის მახსოვრობა თანამედროვე საქართველოში“.

შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სხვა მიმართულებითაც, რომელიც ამ საანგარიში პერიოდში არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ სხვა პერიოდების ამოცანებში შედის და ზოგადად პროექტისთვის მნიშვნელოვან მიზნებს ასახავს. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, განისაზღვრა საერთაშორისო რეფერირებადი აკადემიური სამეცნიერო ჟურნალი, რომელშიც,  პროექტის გეგმა-გრაფიკის თანახმად,  პუბლიკაციების გამოქვეყნება იქნება შესაძლებელი. კერძოდ,  The Caucasus Survey რედაქციასთან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება   პროექტის საფუძველზე სპეციალური ნომრის გამოშვების შესახებ. გეგმის მიხედვთ, სპეციალურ ნომერს ექნება შესავალი პროექტის ხელმძღვანელისა და  უცხოელი კონსულტანტის სტივენ ჯონსის თანავტორობით, სადაც მიმოხილული იქნება როგორც ცალკეული ტექსტები ასევე, ამ ნომრის გამაერთიანებელი თეორიული ჩარჩო. ფაქტიურად, ეს სპეციალური ნომერი იქნება პროექტის მთავარი შუალედური შედეგი. შესაბამისად, მომდევნო, მესამე საანგარიშო პერიოდი სხვა ამოცანების შესრულებასთან ერთად, ამ მიმართულებით მუშაობასაც გულისხმობს.

გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებმა, განაცხადი გააკეთეს  მეხსიერების კვლევების ასოციაციის მესამე წლიურ კონფერენციაში (Third Annual Memory Studies Association Conference) მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 25-28 ივნისს მადრიდში, ესპანეთში.

აკადემიური პუბლიკაცია

ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის და  ნორვეგიის საგარეო ურთიერთობების სამინისტროს გრანტი პროექტის “კვლევა აკადემიის მიღმა: პოლიტიკის და კომუნიკაციების სწავლება საუნივერსიტეტო ჯგუფებისთვის” ფარგლებში 2015-16 წლებში განხორციელდა კვლევითი პროექტი: „წარსულის ტყვეობაში: ქართველი დევნილების ჩახშული ხმები და სოციალური ინტეგრაციის დილემა.“

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი აკადემიური პუბლიკაციის მომზადება იყო.  სამეცნიერო სტატია „Trapped in the past:  memories of Georgian IDPs on the margins of society“ გამოსაქვეყნებლად მიიღო საერთაშორისო რეფერირებადმა აკადემიურ ჟურნალმა Nationalities Papers. მისი პუბლიკაცია იგეგმება 2019 წლის პირველ ნახევარში.

ბანერები