მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები

მას შემდეგ, რაც 2012 წელს უნივერსიტეტში რომანისტიკის მიმართულების და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით დაარსდა რეგიონული ფრანკოფონული სადოქტორო კოლეჯი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში – CODFREURCOR (იხ. საიტი www.codfreurcor.iliauni.edu.ge ), ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს კოლეჯის წევრ 14 უნივერსიტეტთან და ჩაბმულია კოლეჯის ფუნქციონირების უზრუნველყოფაში. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია დოქტორანტთა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მოწყობა როგორც კოლეჯის წევრი უნივერსიტეტების, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების დოქტორანტებისა და პროფესორების მონაწილეობით და კონფერენციების მასალების გამოქვეყნება ფრანგულენოვან ჟურნალში Etudes interdisciplinaires en Sciences humaines – ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (იხ. საიტი www.eish.iliauni.edu.ge ). 2017 წელს ცენტრისა და კოლეჯის ეგიდით გამოვიდა ჟურნალის მე-4 ნომრის როგორც ელექტრონული, ასევე სტამბური ვერსია. 
2017 წლის 3-5 ოქტომბერს ICRDIT-ისა და სადოქტორო კოლეჯის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა მე-5 საერთაშორისო კონფერენცია 21-ე საუკუნის 21 გამოწვევა. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 40 ქართველმა მეცნიერმა საქართველოს 7 უნივერსიტეტიდან (მათ შორის – 15 დოქტორანტმა) და 45 უცხოელმა მეცნიერმა (მათ შორის იყო 8 დოქტორანტი) მსოფლიოს 15 ქვეყნიდან.

კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა 3 ოქტომბერს.
კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული, ფრანგული, ინგლისური, იტალიური, რუმინული.
კონფერენციაზე ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს 7 პლენარული მოხსენება. მათ შორის ორი მოხსენება წაიკითხეს ქართველმა მეცნიერებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძემ (თანამომხსენებლები: ასოცირებული პროფესორი ირინა ლობჟანიძე და დოქტორანტი მაია დამენია) და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ; ხუთმა მოწვეულმა პროფესორმა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტის (პოლ ვალერის უნივერსიტეტი – მონპელიე 3) სამმა პროფესორმა – უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფრანკოფონიის სფეროში ან-მარი მოტარმა, ცნობილმა სოციოლინგვისტმა ანრი ბუაიემ და ფრანკოფონული ლიტერატურის ცნობილმა სპეციალისტმა მაქსიმ დელ ფიოლმა, შედარებითი ლიტერატურისა და თარგმანის თეორიის ცნობილმა სპეციალისტმა, ექსი-მარსელის უნივერსიტეტის პროფესორმა, პარიზის მსოფლიო კვლევის კოლეჯის ხელმძღვანელმა ალექსი ნუსელოვიჩმა (ნუსი), ევროპის ლიტერატურული თარგმანის ცენტრის დამაარსებელმა და დირექტორმა, გერმანულენოვანი ლიტერატურის ფრანგულ ენაზე მთარგმნელმა ფრანსუაზ ვუილმარმა. თითოეულისთვის განსაზღვრული იყო 40-45 წუთი მოხსენებისა და 10 წუთი დისკუსიისათვის.
მოხსენებების უმრავლესობა (59 მოხსენება) წარმოადგინეს ფრანგულ ენაზე, 14 ქართულ ენაზე, დანარჩენი – ინგლისურ, იტალიურ და რუმინულ ენებზე.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მონაწილეების რაოდენობიდან გამომდინარე სამი დღის განმავლობაში ორჯერადად მუშაობდა სამი-ოთხი პარალელური სექცია. სექციები მუშაობდა თემების მიხედვით, რომლებიც ეხებოდა იმ გამოწვევებს, რომლებიც 21-ე საუკუნის, ახალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საშუალებათა მრავალფეროვნების საუკუნის დასაწყისში გამოიკვეთა და რომლებიც გარკვეულწილად განსაზღრავენ იმ ამოცანებსა და პრობლემებს, რომელთა გადაჭრის საშუალებები შემოგვთავაზეს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებამ. 
შესაბამისად, კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა კვლევების ისეთ მთავარ სფეროებზე, როგორებიცაა: გლობალიზაცია – 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და თანამედროვე ფილოლოგია, ლინგვისტური და კულტურული პროცესები – პლურილინგვიზმი, პლურიკულტურალიზმი და საგანმანათლებლო და ენობრივი პოლიტიკა, ციფრული ჰუმანიტარია, თანამედროვე ლიტერატურა, გადასახლებული მწერლების ლიტერატურა, ხელოვნება, ფოლკლორი, ენათა კონტაქტები – ახალი მიდგომები ენის, კულტურის, ლიტერატურის სწავლებაში; ინტერკულტურული დიალოგი და ტრადუქტოლოგია; გამოყენებითი ენათმეცნიერება; ახალი სპეციალიზებული სფეროების ტერმინოლოგიების სოციოკულტურული თავისებურებები; კორპუსის ლინგვისტიკა; ენობრივი, კულტურული, რელიგიური და ა. შ. იდენტობა, მედიასაშუალებების თავისუფლების საკითხი, რელიგია და თანამედროვე მსოფლიო. 

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება 2018 წლის აგვისტოში ჟურნალის Études interdisciplinaires en Sciences humaines (ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-5 ნომერში, რაც საშუალებას მისცემს უფრო ფართო საზოგადოებას, გაეცნოს უახლეს მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით შესრულებულ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევებს. ამჟამად მიმდინარეობს გამოსაქვეყნებელი სტატიების მიღება. იანვარში თითოეული სტატია გაეგზავნება ორ ანონიმურ ექსპერტს. მარტიდან ჟურნალის სარედაქციო კოლეგია მოამზადებს მე-5 ნომერს, რომლის გამოქვეყნება გათვალისწინებულია 2018 წლის აგვისტოში სამ რომანულ (ფრანგულ იტალიურ, რუმინულ), ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „21-ე საუკუნის 21 გამოწვევა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები“მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე კუთხით: უპირველესად, წარმოდგენილი თემატიკით, რომლის განხილვის დროს კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებს საშუალება მიეცათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, ერთობლივად დაფიქრებულიყვნენ იმ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე მსოფლიო აღმოჩნდა.
აღნიშნული კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, დოქტორანტებისთვის, რომელთაც საშუალება მიეცათ, მოესმინათ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერებისათვის, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და დაეხვეწათ ეს მნიშვნელოვანი ხელოვნება. მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მათი კვლევების შედეგები დაიბეჭდება გამოჩენილ მეცნიერთა შრომებთან ერთად.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველ მეცნიერთა გამოკვლევები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება უცხოელი მეცნიერებისათვის, ვინაიდან კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და გავრცელდება მსოფლიოს საუნივერსიტეტო და ეროვნულ ბიბლიოთეკებში.
კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ახალი პროექტების შემუშავების თვალსაზრისითაც. კერძოდ, კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ექსი-მარსელის უნივერსიტეტის პროფესორი, პარიზის მსოფლიო კვლევის კოლეჯის ხელმძღვანელი ალექსი ნუსელოვიჩი (ნუსი). ვინაიდან კონფერენციაში 15 სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარი მონაწილეობდა, ეს შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა, კონფერენციის ბოლო დღეს მას გაემართა მრგვალი მაგიდა თემაზე „რეგიონული ლიტერატურული სივრცეები“. 

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული ქართველი და უცხოელი მომხსენებლები. ალექსი ნუსელოვიჩის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა სამეცნიერო პროექტს, რომელიც ლიტერატურულ სივრცეს მოიაზრებს, როგორც წყნარი ოკეანისპირეთის, შავი ზღვისპირეთის, კარიბის, ბალკანეთის ლიტერატურულ სივრცეებად. შესაბამისად, მისი აზრით, საინტერესო იქნებოდა მუშაობა იმაზე, თუ რა აკავშირებთ შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ლიტერატურას ერთი მეორესთან, მიმდინარეობდა თუ არა წარსულში ან კიდევ დღესდღეობით იდეების ცირკულაცია ლიტერატურულ დონეზე, რა საერთო ხაზი შეიძლება გამოიკვეთოს ამ წარმოსახვით გეოგრაფიულ სივრცეში მოსაზღვრე ქვეყნებს შორის ლიტერატურის სფეროში? პროექტის პირველი ეტაპი მოიაზრებს ამ საკითხით დაინტერესებულ მკვლევართა ჯგუფის შედგენას, შესაბამისი მასალების მოძიებას, მათ თემატიზაციას და კვლევას, ხოლო შემდეგ ეტაპზე თეორიული ასპექტების შემუშავებას ითვალისწინებს (იხ. დანართი 1).

სამომავლოდ იგეგმება საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება შავიზღვისპირეთის ქვეყნების ლიტერატურის შესახებ და საერთაშორისო შედარებითი ლიტერატურათმცოდნების ასოციაციის მიერ გამოცემული ჟურნალის ფარგლებში რამდენიმე კრებულის გამოქვეყნება.
აღნიშნული პროექტი განხორციელდება ილიას სახელმწიფო და ექსი-მარსელის უნივერსიტეტების პარტნიორობის საფუძველზე, რისთვისაც მომზადდება და ხელი მოეწერება ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 

3-5 ოქტომბერს გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა CODFREURCOR-ის მე-6 სამეცნიერო კონფერენცია რუმინეთის ქალაქ იასიში. 3 ოქტომბერს, 18 სთ-ზე, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიგა ზედანიას მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებაზე CODFREURCOR-ის მომავალი, მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემატიკის პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციას უძღვებოდნენ CODFREURCOR-ის დირექტორი, პროფესორი ლუდმილა ზბანტი და მომავალი კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტის – ალექსანდრუ იოან კუზას იასის (რუმინეთი) პროფესორი, როქსანა პატრასი. 

ამგვარად, CODFREURCOR-ის მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემა იქნება LES INDUSTRIES CRÉATIVES DANS LE POSTHUMANISME – კრეატიული ინდუსტრიები პოსტჰუმანიზმის ეპოქაში. კონფერენცია გაიმართება 2018 წლის ნოემბერში.
კონფერენციის ორგანიზებას უხელმძღვანელებს აღნიშნული უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულება. ICRDIT იქნება კონფერენციის თანაორგანიზატორი.

3 ოქტომბერს, 18 სთ-ზე, გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მე-4 შეთანხმებას მორიგი 5-წლიანი პერიოდისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლ ვალერის უნივერსიტეტ – მონპელიე 3-ს შორის. დღეს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევით დონეზე სამი მიმართულებით ხორციელდება – ენის მეცნიერებების, გამოყენებითი უცხო ენებისა და შუა საუკუნეების კვლევების, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ICRDIT.

სამივე დღის განმავლობაში კონფერენციის მსვლელობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა და 7 პლენარული მოხსენების ვიდეოჩანაწერი სრულად არის განთავსებული იუთუბზე, უნივერსიტეტის პორტალზე, ისევე, როგორც უნივერსიტეტის facebook და ვებ-გვერდებზე.

2017 წელს გაგრძელდა მუშაობა ქართულ-ფრანგულ-ინგლისური ლინგვისტური ლექსიკონის შედგენაზე. პროექტში ჩართულია 5 სპეციალისტი. აღნიშნული ლექსიკონის შედგენისათვის ცენტრი თანამშრომლობს ჩვენი პარტნიორი ფრანგული უნივერსიტეტის პოლ ვალერის უნივერსიტეტი - მონპელიე 3-ის ენის მეცნიერებების დეპარტამენტთან.

ამავე დეპარტამენტთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სოციოლინგვისტიკის სახელმძღვანელოსშედგენაზე ქართველი სტუდენტებისთვის, რომლის გამოცემა იგეგემება 2018 წლის გაზაფხულზე.

 

ბანერები