მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები

  • ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის და ნორვეგიის საგარეო ურთიერთობების სამინისტროს გრანტი, პროექტის - „კვლევა აკადემიის მიღმა: პოლიტიკის და კომუნიკაციების სწავლება საუნივერსიტეტო ჯგუფებისთვის“ - ფარგლებში, 2015-2016 წლებში განხორციელდა კვლევითი პროექტი წარსულის ტყვეობაში: ქართველი დევნილების ჩახშული ხმები და სოციალური ინტეგრაციის დილემა. კვლევა ჩატარდა მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის მიერ.

უფრო კონკრეტულად, კვლევაში ყურადღება გამახვილებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილების წინაშე მდგარ მწვავე სოციეტალურ პრობლემებზე, რაც აფერხებს მათ სოციალური ინტეგრაციას (სტიგმა, მარგინალობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ნაკლებობა და ა.შ.).

ჯგუფმა საველე კვლევა ჩაატარა სამეგრელოსა (ზუგდიდი და ანაკლია, 2015 წლის აგვისტო) და შიდა ქართლში (გორი, 2015 წლის სექტემბერი-ოქტომბერი), აგრეთვე, მცხეთის რაიონში (წეროვანი) გაბნეულ დევნილთა დასახლებებში. ჯამში ჩატარდა 60 ინტერვიუ დევნილებთან.

გარდა ამისა,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ფოკუსჯგუფის შეხვედრა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლებთან, რომლებიც დევნილების პრობლემების გარშემო მუშაობენ (2016 წლის თებერვალი). (ფოკუსჯგუფის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრქუტურები: მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელი; ქსელი „სინერგია“; ჟურნალისტთა ასოციაცია „პოსტფაქტუმი“; დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“; „სტუდია რე“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო).

პროექტის მიხედვით, კვლევის შედეგები აისახება აკადემიურ პუბლიკაციასა და პოლიტიკის დოკუმენტში (Policy Brief), რომლის პრეზენტაცია შედგა 2016 წლის 12 აპრილს. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იმავე დღეს ცენტრის წევრებმა, მალხაზ თორიამ და ელენე კეკელიამ, მონაწილეობა მიიღეს რადიო „თავისუფლების“ გადაცემაში თავისუფლების ერთი საათი გოგი გვახარიასთან ერთად, სადაც ისაუბრეს კვლევის შესახებ.

პოლიტიკის დოკუმენტი „ინტეგრაციის უგულებელყოფილი მხარე - სტიგმა, როგორც მძიმე ყოფის საფუძველი“ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთავაზობს რეკომენდაციებს დევნილთა კონკრეტული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. პოლიტიკის დოკუმენტი განთავსდა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

2016 წლის 16 აპრილს, კონსტანტინე ლადარიას ავტორობით, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ჟურნალში „ტაბულა“ დაიბეჭედა სტატია: სტიგმა, როგორც მძიმე ყოფის საფუძველი.

გარდა ამისა, სამეცნიერო სტატია - „Trapped in the past: silenced voices of Georgian IDPs and dilemmas of social integration“ გამოსაქვეყნებლად გადაეგზავნა საერთაშორისო რეფერირებად აკადემიურ ჟურნალს Nationalities Papers. სტატიამ გაიარა პირველადი რეფერირება. მივიღეთ დადებითი რეცენზიები ანონიმური რენცენზენტებისგან. ამ ეტაპზე ვასრულებთ პუბლიკაციის საბოლოო ვერსიაზე მუშაობას.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის, ხსოვნისა და სოლიდარობის ევროპული ქსელის (ENRS), კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელისა (ASCN) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ორგანიზებით, 2016 წლის 1-3 ივნისს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია - „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“. აღსანიშნავია, რომ მასში მონაწილეობა მიიღეს დარგის აღიარებულმა წარმომადგენელმა, ვირჯინიის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი ოლიკმა და ნიუ-სქულის უნივერსიტეტის პროფესორმა ელზბიეტა მატინიამ.

 

ბანერები