ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

განაცხადების მიღება– ეროვნული კიბეროლიმპიადა 2020

ახალი ამბები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT.GOV.GE) იწყებს ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას. კიბეროლიმპიადის მიზანია როგორც კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, ისე იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.

COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით მე-5 ეროვნული კიბეროლიმპიადა ონლაინრეჟიმში გაიმართება. მონაწილეობა შეუძლია კიბერსაკითხებით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 25 წელი. გუნდები არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით სამის (3) ნაცვლად ერთი (1) წევრისგან დაკომპლექტდება.

ღონისძიების მხარდამჭერები და სპონსორები არიან: ასოციაცია „გრენა“, შპს „გრინნეტი“, საქართველოს უნივერსიტეტი და „OWASP თბილისი“. პირველ სამ საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები სპონსორებისგან საინტერესო პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ეროვნულ კიბეროლიმპიადაზე წარმოდგენილი იქნება კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანები, რომელთა გადაჭრაშიც ერთმანეთს გუნდებად დაყოფილი მონაწილეები შეეჯიბრებიან. იმის გათვალიწინებით, რომ თითოეულ გუნდში იქნება 1 წევრი, შესასრულებელი ამოცანები შედარებით გამარტივდება.

ოლიმპიადის მონაწილეები სხვადასხვა კვლევითი და ლაბორატორიული სამუშაოს შესრულების შედეგად გააანალიზებენ და გამოიკვლევენ 24 განსხვავებულ შემთხვევას და უპასუხებენ 30-მდე შეკითხვას (თითოეული შემთხვევის ირგვლივ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სირთულისა და წონის შეკითხვები), მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით კი დაითვლება საბოლოო სტატისტიკა. ეროვნული კიბეროლიმპიადის ხანგრძლივობაა 1 დღე.

იმისათვის, რომ ოლიმპიადის მონაწილემ შეძლოს ღონისძიებაზე დასწრება, აუცილებელია ფლობდეს საბაზისო ცოდნას შემდეგ სფეროებში: ქსელური არქიტექტურა, კრიპტოგრაფია, სკრიპტ ინგი და ვებდეველოპმენტი (Networking, Cryptography, Scripting, Web Development).

ახალგაზრდა თაობის განათლება და დახელოვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. კიბეროლიმპიადის მეშვეობით მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სპეციალისტები ესაჭიროება. ეს უნიკალური შანსია ახალგაზრდებისთვის, შეჯიბრების პირობებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიღრმაონ ცოდნა.

ეროვნული კიბეროლიმპიადა გაიმართება 2020 წლის 7 ივნისს. ონლაინპლატფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები ყველა დარეგისტრირებულ პირს ელფოსტის მეშვეობით დაეგზავნება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1-ლი ივნისი, 2020

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა კიბეროლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის ელფოსტის მისამართზე -   cybercube@dea.gov.geუნდა გამოგზავნონ: სახელი და გვარი; ელფოსტის მისამართი; ტელეფონის ნომერი. 


დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით:

ტელ.: 291 51 40;

ვებგვერდი: www.dea.gov.ge ;

FB-გვერდი: https://www.facebook.com/certgovge

ბანერები