ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების სერვისების ფარგლებში 2019 წლიდან აწყობს მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმს.

დასაქმების ფორუმი გულისხმობს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირებას. ღონისძიება მოიცავს პროფილურ დასაქმების ფორუმებს, ტრენინგებს/ვორკშოპებს კარიერული განვითარების თემაზე, HR მენეჯერებთან შეხვედრებს და სხვა საინტერესო ღონისძიებებს, რომლებიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კარიერულ განვითარებაში დაეხმარებათ.

მარი ბურდულის შესახებ

მარი ბურდულმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წელს დაიწყო მუშაობა და თორმეტი წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს – ზრუნავდა ადამიანური რესურსების განვითარებასა და ახალი, მნიშვნელოვანი პროცესების შემუშავებაზე უნივერსიტეტში, ჩართული იყო სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის განვითარების პროცესში.

მარი ბურდულმა შეიმუშავა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.ა ის ფაქტი, რომ დღეს ილიაუნის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, ექსპერტთა შეფასებით,-წარმატებით ფუნქციონირებს, დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა. 

მისი კოორდინატორობით უნივერსიტეტში სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ERASMUS+ ის პროექტი PEOPLES, რომლის შედეგად განხორციელებულმა ცვლილებებმა დიდი გავლენა იქონია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის განვითარებაზე. 

მარი ბოლო წლებში დაავადებული იყო მალიგნანტური მელანომით, თუმცა უნივერსიტეტში მუშაობა არ შეუწყვეტია და, მიუხედავად მძიმე დიაგნოზისა, 2017 წელს აქტიურად იყო ჩართული ილიაუნის პრეავტორიზაციის პროცესში. 

იგი გამორჩეული იყო გულისხმიერებით, პროფესიონალიზმითა და სიძლიერით. ჰქონდა წერის ნიჭი, რასაც ადასტურებს მისი ლექსების კრებულები. 

მარი 2018 წლის 23 მარტს გარდაიცვალა. რამდენიმე თვით ადრე გამოაქვეყნა ჩანაწერი ჩემი თანატოსი, რომელშიც ღიად საუბრობს თავისი იშვიათი დაავადების შესახებ და, რაც მთავარია, თითოეულ მკითხველს დაანახვებს შეუპოვარ და ძლიერ ხასიათს, რომლის წინაშეც ნებისმიერი დაბრკოლება უძლურია. „ჩემი თანატოსი“ არაერთმა ლიტერატორმა შეაფასა, როგორც ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ტექსტი.

მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებით სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებასთან დაკავშირებულ ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი ეწოდა. 


საკონტაქტო ინფორმაცია
➳ F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
☏ (+995 32) 22 00 09 (270);
✉ uni-jobs@iliauni.edu.ge 

 

 

 

ბანერები