ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სხვა პროექტები

სხვა პროექტები

ვიშეგრადის ფონდის სალექციო კურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტმა მიიღო ვიშეგრადის გრანტი, რომელიც ევროპისმცოდნეობის მიმართულებით სალექციო კურსის შეთავაზებას ითვალისწინებს ილიას უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. სალექციო კურსის სახელწოდებაა „ევროკავშირი და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკა“ (The EU and Eastern Neighborhood) და მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და მათ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებზე.

კურსის მიზანია, სამი ინტენსიური სემინარის მეშვეობით წვლილის შეიტანოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის გაძლიერებაში. მას უძღვებიან როგორც ქართველი, ასევე მოწვეული ევროპელი პროფესორები.

სოციალურ მეცნიერებათა კვლევის საუნივერსიტეტო პროგრამა

არიზონას და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები ახორციელებენ ერთობლივ სოციალურ მეცნიერებათა კვლევის საუნივერსიტეტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ მეცნიერებებში მომუშავე ოცდაათი დოქტორანტისათვის კვლევის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეების ოთხთვიან ვიზიტს არიზონა უნივერსიტეტში, ონლაინკურსებზე დასწრებას და საზაფხულო სკოლის ჩატარებას 2011 წლის ივლისში ამერიკელი პროფესორების მონაწილეობით.

განათლების ადმინისტრირების პროგრამა

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს მომავალი ლიდერები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ცოდნით, უნარ-ჩვევებით და ექნებათ საჭირო ღირებულებები იმისთვის, რომ გაუძღვნენ ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებას ეფექტური მართვისა და განვითარების გზაზე. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს განათლების მართვის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და კალიფორნიის უნივერსიტეტთან ერთად.

ჩემი ფერადი სამყარო

პროექტი ჩემი ფერადი სამყარო დაფინანსდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ. პროექტის მიზანს წარმოადგენდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 3-10 წლის ბავშვებისთვის ჰიპოთერაპიის კურსის შეთავაზება და ამ გზით მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აუტიზმის ცენტრიდან შეირჩა 15 ბენეფიციარი, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰიპოთერაპიის 10-დღიანი კურსი.

საერთაშორისო გარემოსდაცვითი და კლიმატური ცვლილებების კანონმდებლობის საფუძვლების სწავლება

აშშ-ის ”სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის” (U.S. Civilian Research and Development Foundation - CRDF) ფინანსური მხარდაჭერით და პეისის უნივერსიტეტის ენერგიისა და კლიმატის ცენტრის ხელმძღვანელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლის იანვარში განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ საერთაშორისო გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების კანონმდებლობის საფუძვლებს; ასევე შეთავაზებულ იქნა მოკლევადიანი კურსის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთათვის. პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი განათლების ცენტრი და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი.

საჯარო პოლიიკა, ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის - ”საჯარო პოლიტიკა, ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” - პირდაპირი ბენეფიციარი. პროგრამა ხორციელდება "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის” მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზოგადოებრივ საქმეთა სკოლასთან პარტნიორობით.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებას საჯარო პოლიტიკის რეფორმების გატარებაში, ასევე საჯარო პოლიტიკის, საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით დებატების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგა საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა მასპინძლობს საჯარო ლექციებს, დისკუსიებსა და კონფერენციებს აკადემიური პერსონალისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სექტორის ექსპერტებისათვის. ბოლო წლების განმავლობაში პროგრამის რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც განაპირობა საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროში მნიშვნელოვანი პუბლიკაციების დაბეჭდვამ და პროგრამის ფარგლებში საჯარო პოლიტიკის კვლევებისა და ტრენინგის ცენტრის დაარსებამ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020

საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა გრძელვადიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის შედეგად „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. პროექტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს შესთავაზებს ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

საწყის ეტაპზე, პროექტის ფარგლებში საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტში (თსუ, ისუ, სტუ) განხორციელდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები ელექტრონულ ინჟინერიაში, ქიმიაში (ბიოქიმიის განხრით) და კომპიუტერულ ინჟინერიაში. მომავალში ასევე იგეგმება ბაკალავრის პროგრამების განხორციელება სამოქალაქო ინჟინერიასა და სამრეწველო მშენებლობაში.

ფოლკსვაგენის ფონდი

  • საქართველოს კულტურული სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის

პროექტი განიხილავს გეოგრაფიული არეალის სიმბოლისტურ ინტერპრეტაციას. განსაკუთრებულ ყურადღება ექცევა იმპერიული რუსეთის, სახელმწიფოებრივი საქართველოსა და აფხაზების, როგორც ეთნიკური უმცირესობის, პერსპექტივას.

  • ევროკავშირის მიერ დემოკრატიის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

პროექტის მიზანია, შეისწავლოს ევროკავშირის მიერ დემოკრატიის გავრცელების კონკრეტული ინსტრუმენტები და ამ ინსტრუმენტირების ეფექტურობა 1990-იანი წლებიდან დღევანდელობამდე. კონკრეტულ შემთხვევად აღებულია სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია, რადგან ამ რეგიონების ქვეყნებს არ ჰქონიათ ევროკავშირის წევრობის დაპირება, რაც, სავარაუდოდ, შედარებით ასუსტებს ევროკავშირის გავლენას აქ მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებზე. კვლევის ძირითადი ინსტრუმენტია უნიფიცირებული კითხვარი ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუსთვის, რითაც გამოიკითხება თოთხმეტი რესპონდენტი თითოეულ ქვეყანაში (ნაწილი სახელისუფლებო წრეებიდან, ნაწილი კი - დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით).

ბანერები