საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი წარმოადგენს საქართველოში და რეგიონში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მედიცინის დარგში წამყვან კვლევით ერთეულს.
ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
- უახლესი სამეცნიერო და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებით მაღალი დონის სპეციალისტების და მკვლევრების მომზადება საბუნებისმეტყველო, მედიცინისა და მომიჯნავე სპეციალობებში;
- ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის განხორციელება, მათ შორის ინდუსტრიის ჩართულობით;
- კვლევისა და სწავლების ინტეგრაცია სტუდენტისა და კურსდამთავრებულის დასაქმებისთვის აქტუალური უნარების განვითარების მიზნით;
- საუნივერსიტეტო სივრცეში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება საზოგადოების კეთილდღეობისა და განვითარებისთვის, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.
ფაკულტეტი აერთიანებს სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტსა და ლაბორატორიას, სადაც ერთობლივად იკვლევენ უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები და სტუდენტები. ფაკულტეტზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევებს წამყვანი ადგილი უჭირავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და უტოლდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებს.
ფაკულტეტზე არის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამები, ასევე ერთსაფეხურიანი მედიცინის და დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამა.
ფაკულტეტი ქმნის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მიმზიდველ გარემოს საზოგადოებრივ/სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტების ჩართვით.
მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური და მოწვეული პერსონალი სთავაზობს სტუდენტებს კურსების ფართო არჩევანს ქართულ და ინგლისურ ენებზე და ინტერდისციპლინური განათლების მიღების შესაძლებლობას.
ფაკულტეტის კვლევითი ერთეულები და სასწავლო ლაბორატორიები გენეტიკის, მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოქიმიის, ბიოფიზიკისა და ნეირომეცნიერების დარგებში აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც ხელს უწყობს პრაქტიკული და კვლევითი უნარების განვითარებას და ზრდის კურსდამთავრებულთა კონკურენტულ უნარს დასაქმებისთვის.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საველე კვლევითი ბაზებისა და კვლევითი გემის გამოყენებით უზრუნველყოფილია თანამედროვე გარემოსდაცვითი და გეოლოგიური კვლევა და სწავლება.