საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

აქსელ ბრანდენბურგი

აქსელ ბრანდენბურგი

პროფესორმა აქსელ ბრანდენბურგმა 1990 წელს მიიღო დოქტორის (Ph.D) ხარისხი ჰელსინკის უნივერსიტეტში. პოსტ-დოკის ორი პოზიციის შემდგომ, რომლებიც მიიღო ჩრდილოეთის ქვეყნების თეორიული ფიზიკის ინსტიტუტსა (NORDITA), დანია, და ატმოსფეროს ფიზიკის ეროვნულ კვლევით ცენტრში (High Altitude Observatory at the National Center for Atmospheric Research), აშშ, იგი დაბრუნდა NORDITA-ში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე და სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, 1996 წელს, გახდა ნიუკასლის უნივერსიტეტის (Newcastle University), დიდი ბრიტანეთი, სრული პროფესორი გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით. 2000 წელს კვლავ დაბრუნდა NORDITA-ში, ამჯერად სრული პროფესორის თანამდებობაზე. შემდგომ გადავიდა სტოკჰოლმის უნივერსიტეტში, შვედეთი, ასტრონომიის დეპარტამენტის პროფესორის თანამდებობაზე. 2009 წელს მიიღო ევროპული კვლევითი საბჭოს (ERC) უმაღლესი კვლევების გრანტი ასტროფიზიკური დინამოს კვლევებზე. 2014 წელს პროფესორი ბრანდენბურგი აირჩიეს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად, ხოლო 2015 წელს დაინიშნა მოწვეულ პროფესორად კოლორადოს უნივერსიტეტში (University of Colorado at Boulder), აშშ, ჯორჯ ელერი ჰეილის (George Ellery Hale) მოწვეული პროფესორის პროგრამის ფარგლებში. 2019 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო წოდება.

აქსელ ბრანდენბურგი მჭიდროდ თანამშრომლობს კოსმოლოგიის, გრავიტაციისა და ასტრონაწილაკების დეპარტამენტის წევრებთან (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრი) და თანახელმძღვანელობს დოქტორანტებს. ასევე არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტების საერთაშორისო მრჩეველი.

პროფესორი ბრანდენბურგი მუშაობს ასტროფიზიკური დინამოს სფეროში, ასევე დაინტერესებულია ასტრობიოლოგიის რჩეული თემებით, კერძოდ ჰომოქირალობის საკითხით სიცოცხლის წარმოშობაში. მისი ძირითადი ინტერესები ეხება მაგნიტური ველის წარმოქმნას ტურბულენტური მოძრაობებიდან მზესა და ვარსკვლავებში, აკრეციულ დისკებში, გალაქტიკებსა და ადრეულ სამყაროში. 1992 წელს განახორციელა კუმშვადი სითხის დინამოს რიცხვითი სიმულაციები. მისმა შრომამ აკრეციული დისკის ტურბულენტობის შესახებ 1995 წელს პირველმა აჩვენა, რომ მაგნიტოროტაციული და დინამოს არასტაბილურობა იწვევს მდგრად უკუკავშირს. იდეა, რომ ფართომასშტაბიანი პირველადი ველები შებრუნებული კასკადის შედეგია, 1996 წელს უბრუნდება მის თავდაპირველ სამუშაოს. 2005 წელს შეიმუშავა გადანაწილებული მზის დინამოს კონცეფცია. მონაწილეობა მიიღო ასტროფიზიკური დინამოს რამდენიმე ახალი ეფექტის შესწავლაში და აღმოაჩინა მაგნიტური ლაქების წარმოშობა, როგორც ჰიდრომაგნიტურ ტურბულენტობაში სტრატიფიკაციის ზოგადი შედეგი. 2011 წლიდან პროფესორმა ბრანდენბურგმა შეიმუშავა და გამოიყენა მზის ზედაპირსა და მზის ქარში მაგნიტური სპირალის განსაზღვრის ახალი მეთოდები. მისმა ნაშრომმა ვარსკვლავური აქტივობის ციკლების ინტერპრეტაციაზე აჩვენა, რომ 2,3 მილიარდ წელზე უფრო ახალგაზრდა ყველა გვიანდელი ტიპის ვარსკვლავს აქვს ორი ციკლური პერიოდი. პროფესორი ბრანდენბურგი ასევე საჯარო PENCIL კოდის შემქმნელი და პასუხისგებელია მის შემდგომ გაუმჯობესებული ვერსიების მართვაზე url: https://github.com/pencil-code

პროფესორმა ბრანდენბურგმა გამოაქვეყნა 440 რეფერირებული ნაშრომი და აქვს h-ინდექსი 68, NASA-ADS სამეცნიერო ბაზის მიხედვით. ხელმძღვანელობდა 13 დოქტორანტს, რომელთაგან ექვსს ამჟამად აკადემიური თანამდებობა უკავია, კერძოდ, მაარიტ კორპი-ლაგიფინეთის აალტოს უნივერსიტეტის პროფესორია.

 

ბანერები