თურქეთის ოზიეგინის უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისთვის
თურქეთის სტამბოლის ოზიეგინის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის უნივერსიტეტში 2011 სასწავლო წლიდან სხვადასხვა მიმართულებების განხრით საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გასავლელად. წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდიების გამოყოფა, რომლებიც აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით მოიცავენ სასწავლო ხარჯების ანაზღაურებას 25% - იდან სრულ ანაზღაურებამდე. პროგრამა ტარდება ინგლისურ ენაზე. სტიპენდიები გათვალისწინებულია შემდეგი პროგრამებისათვის:
• საბაკალავრო პროგრამები: ბიზნეს - ადმინისტრირება, ელექტრო - ელექტრონული ინჟინერია, ინდუსტრიული ინჟინერია, მექანიკური ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, სასტუმროს მენეჯმენტი;
• სამაგისტრო პროგრამები: ელექტრო - ელექტრონული ინჟინერია, ბიზნეს - ადმინისტრირება, აღმასრულებელი ბიზნეს - ადმინისტრირება;
• სადოქტორო პროგრამები: ელექტრო - ელექტრონული ინჟინერია, ბიზნესი (მარკეტინგი, ფინანსები, საოპერაციო სისტემა).
პროგრამაში მონაწილეობისა და სტიპენდიების მიღების მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• ჩაბარებული გამოცდების შედეგების ამსახველი დოკუმენტაცია;
• დიპლომის ასლი (თუ სტუდენტმა უკვე დაასრულა მინიმუმ ბაკალავრიატის კურსი);
• მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში გავლილი ყველა სასწავლო კურსის ჩამონათვალი და თითოეულ მათგანში მიღებული საბოლოო შეფასების ამსახველი დოკუმენტაცია;
• პასპორტის ასლი;
• პასპორტის ზომის ორი ფოტოსურათი;
• ინგლისურ ენაში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩაბარებული TOEFL პროგრამის ინტერნეტ - ტესტის ოფიციალური შედეგები, სადაც მინიმალურ ქულას უნდა შეადგენდეს 80.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 26 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.