საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა - იზრუნე
ახალი ამბები
საზაფხულო სტუდენტური მოგზაურობა #იზრუნე ვისოლ ჯგუფისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ვისოლ ჯგუფი და ილიაუნი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზებზე (დედოფლისწყარო, ყაზბეგი), აგვისტოში ორგანიზებას გაუწევს გასვლით ბანაკებს სტუდენტებისთვის.
პროექტის მიზანია, სტუდენტებმა გაიღრმავონ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნული მიმართულებებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში. საინტერესო ლექციების, ექსპედიციებისა და სხვა ტიპის აქტივობების პარალელურად პროექტის მონაწილე სტუდენტები, ბანაკის თემატიკიდან გამომდინარე, საკუთარი ინტერესების შესაბამისად დაეხმარებიან სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე ტურიზმის მიმართულებებით დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას (ფერმერები, სასტუმროს მფლობელები) საჭირო საქმეებში, ასევე მუნიციპალიტეტებს ტურისტული ლოკაციების მოწესრიგებაში.
მონაწილეობის პირობები
პროექტში #იზრუნე წელს მონაწილეობას მიიღებს 200-მდე სტუდენტი, რომლებიც შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე. პროექტი წელს საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი.
მომავალ წელს პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში განხორციელდება და მასში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ სტუდენტებს მთელი საქართველოდან.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 3 აგვისტო
დაფინანსება
შერჩეული კანდიდატები მიიღებენ 100%-იან დაფინანსებას, რომელიც სრულად დაფარავს პროექტში მონაწილეობის ხარჯებს (კომფორტულ ნომრებში განთავსება, სამჯერადი კვება, ტრანსპორტირება, ექსპედიციებში მონაწილეობა, სასწავლო მასალები).
დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: #იზრუნე