ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების წარდგენისა და დაფინანსების წესი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური კლუბების წევრებმა სტუდენტური პროექტების და ღონისძიებების დაფინანსების მოთხოვნით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. კერძოდ, საპროექტო განაცხადი, წინასწარ განსაზღვრული ფორმით (დანართი #1 საპროექტო განაცხადის ფორმა), უნდა გაგზავნონ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე შემდეგ ელფოსტაზე info@iliauni.edu.ge.
სტუდენტური პროექტის შესახებ განაცხადებს განიხილავს 2 მუდმივმოქმედი კომისია:
- სტუდენტურ პროექტებს, რომელთა ბიუჯეტი შეადგენს 300 (ან ნაკლებ) ლარს, განიხილავს კომისია 3 წევრის შემადგენლობით: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის და სტუდენტური სერვისების მიმართულებით, იურიდიული სამსახურის უფროსი და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
- სტუდენტურ პროექტებს, რომელთა ბიუჯეტი აღემატება 300 ლარს, განიხილავს კომისია შემდეგი შემადგენლობით: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის და სტუდენტური სერვისების მიმართულებით, იურიდიული სამსახურის უფროსი, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ყველა საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი.
თუ პროექტი არ საჭიროებს ტენდერის ჩატარებას, საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს კომისიის სხდომამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე.
თუ პროექტი საჭიროებს ტენდერის ჩატარებას, საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს კომისიის სხდომამდე არაუგვიანეს 30 სამუშაო დღით ადრე.
კომისიათა მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროექტი წარედგინება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რათა მოხდეს პროექტის დაფინანსება შესაბამისი პროცედურების დაცვით.
პროექტის ავტორ(ებ)ს პროექტის დაფინანსების/არდაფინანსების შესახებ ეცნობებათ კომისიის სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
განხილვისა და დამტკიცების შემდეგ, პროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კომისიის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
იხილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების მიწოდების, შეფასების და ანგარიშგების წესი