სტიპენდიები საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის
"ღია საზოგადოების ფონდების", საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და "საერთაშორისო განათლების ცენტრთან" თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს საჯარო მოსამსახურეებისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2011 წლისათვის.
სტიპენდიები განკუთვნილია მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის პოლიტიკისა და მათთან კავშირში მყოფ საჯარო პოლიტიკის სფეროებში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და მათზე დაქვემდებარებული ორგანიზაციების თანამშრომლებს.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• იყოს საქართველოს მოქალაქე განაცხადის შემოტანის დროისათვის;
• ჰქონდეს საჯარო სექტორში სულ მცირე 18 თვის სამუშაო გამოცდილება;
• ფლობდე მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს;
• გააჩნდეს ლიდერის თვისებები;
• კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას;
• შეეძლოს აკადემიური წერის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მიღება 2011 წლის ივლისში;
• შეეძლოს სწავლის დაწყება 2011 წლის აგვისტო-სექტემბერში;
• ჰქონდეს უფლება, რომ მიიღოს ამერიკის ან კანადის ვიზა;
• ჰქონდეს სურვილი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღოს საჯარო სამსახურის რეფორმირებაში;
• ჰქონდეს სურვილი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ შესაბამისი სამინისტროს განაწილებით იმუშაოს სამი წლის განმავლობაში.
კონკურსში ვერ მიიღებენ მონაწილეობას "ღია საზოგადოების ფონდების", "საერთაშორისო განათლების ცენტრისა" და საქართველოს მთავრობის წევრები (ასევე მათი ნათესავები), რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული პროგრამის ადმინისტრირებაში. ასევე, პროგრამაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ "ღია საზოგადოების ფონდების" მიმდინარე გრანტიორებს.
სტიპენდია ფარავს:
• სწავლის გადასახადს;
• ყოველთვიურ ცხოვრების ხარჯებს;
• პროგრამასათან დაკავშირებულ მგზავრობის ხარჯებს;
• ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს;
• საგანმანათლებლო მასალებისა და პროფესიული განვითარების ხარჯებს;
• საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის ხარჯებს;
• ყოველწლიურ შუალედურ კონფერენციაში მონაწილეობის ხარჯებს აშშ-სა და კანადაში;
• სტიპენდია არ ფარავს ოჯახის წევრების ამერიკაში ყოფნის ხარჯებს.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 21 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.