სტაჟირება ამერიკის საკანონმდებლო ორგანოებში
2011 წლის საკანონდებლო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში 20 ქართველ ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს სტაჟირება ამერიკის საკანონმდებლო ორგანოებში.
საკანონმდებლო პრაქტიკის (LFP) პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
2011 წლის პროგრამის 20 ქართველი ფინალისტი კონკურსის საფუძველზე შეირჩევა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა. ჩაბარებული განაცხადის საფუძველზე შერჩეულ ნახევარფინალისტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. ფინალისტებს შეარჩევენ შეერთებულ შტატებში, ამერიკული საბჭოების სათაო ოფისის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი კომისიის წევრები.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე, ფინალისტები გაივლიან სამდღიან ინტენსიურ კურსს კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში, რომლის ფარგლებშიც ისინი მიიღებენ ინფორმაციას ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. პროგრამის მონაწილეები ხუთ კვირიან სტაჟირებას გაივლიან შტატის საკანონმდებლო და ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში და ჩაერთვებიან საშტატო მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობისა და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში. პროგრამის დასასრულს, დედაქალაქში (Washington DC), ფინალისტები 2 დღიანი კონფერენციის ფარგლებში შეხვდებიან პროგრამის მონაწილეებს: სამხრეთ ამერიკიდან, ინდონეზიიდან, ფილიპინებიდან, მალაიზიიდან, სინგაპურიდან, ტაივანიდან, ქუვეითიდან, ომანიდან, ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ინდოეთიდან, ნეპალიდან და პაკისტანიდან, ასევე გაეცნობიან ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების საკანონმდებლო სისტემებს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
• განაცხადის შევსების დროისათვის უნდა იყოს 25-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
• უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper based TOEFL-ში 500-ზე, CBT-ში 173-ზე, IBT-ში 61-ზე, IELTS-ში 6-ზე მეტი ქულა, ან გავლილი საუნივერსიტეტო დონის ინგლისურ ენოვანი პროგრამა). იმ შემთხვევაში თუ გახდებით ნახევარფინალისტი და არ გექნებათ ზემოთხსენებული არც ერთი საბუთი, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები თავისივე ხარჯებით ჩაგიტარებთ ITP TOEFL-ს;
• უნდა ჰქონდეს საბაკალავრო ხარისხი;
• უნდა ჰქონდეს გამოცდილება საჯარო სექტორში მუშაობისა (საკმარისია პრაქტიკის ან სტაჟირების სახით) და შესაბამისი ცოდნა საქართველოს საკანონმდებლო სისტემისა;
• უნდა ჰქონდეს სურვილი სამომავლოდ საჯარო სექტორში მუშაობისა;
• უნდა ავლენდეს ლიდერისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.
სტაჟირების პერიოდი: 2011 წლის მარტის ბოლოდან, მაისის დასაწყისამდე.
საგაზაფხულო პროგრამის განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.