საზაფხულო სკოლა: „ევროკავშირი და საკანონმდებლო რეფორმა“
კონსტიტუციონალურ სწავლებათა და დემოკრატიული განვითარების ცენტრი (CCSDD) ჩერნოგორიის (მონტენეგროს) ქალაქ ბელგრადის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად აცხადებს კონკურსს საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით „ევროკავშირი და საკანონმდებლო რეფორმა“. პროგრამა ჩატარდება მონტენეგროს ქალაქ იგალოში 2011 წლის 24 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით. პროგრამის მონაწილეთათვის გათვალისწინებულია როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი სტიპენდიების გამოყოფა. საზაფხულო სკოლა თითოეულ მონაწილეს დააჯილდოვებს შვიდი სასწავლო კრედიტით.
პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა თავი მოუყაროს სტუდენტებს, მეცნიერებსა და საკანონმდებლო სფეროში მომუშავე ახალგაზრდა პრაქტიკოს მუშაკებს მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის ბალკანეთის სახელმწიფოებიდან ევროკავშირის გაფართოების კონსტიტუციონალურ თავისებურებათა შესასწავლად. საზაფხულო სკოლა გთავაზობთ ფორუმს, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებსა და განხილვებში. პროგრამის მსვლელობისას ახალგაზრდა ლიდერებს საშუალება მიეცემათ ერთობლივად იმუშაონ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაზე, რითაც ხელს შეუწყობენ საკუთარ თუ მეზობელ სახელმწიფოთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, აგრეთვე შესაბამის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრისა ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელი კანდიდატები. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე ახალგაზრდა მეცნიერებსა და პროფესიონალებს. სავალდებულოა ინგლისური ენის სრულფასოვნად ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.