საზაფხულო კურსები გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში
სტიპენდიები გაიცემა გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების მიერ შემოთავაზებული ენისა და ქვეყანათმცოდნეობითი კურსის გასავლელად. კონკურსანტი თვითონ ირჩევს გერმანიის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ საზაფხულო კურსს.
ხანგრძლივობა:
კურსების ხანგრძლივობა სულ მცირე 3 - 4 კვირას მოიცავს. კურსი გერმანულ ენაზე მიმდინარეობს და როგორც წესი, დგება ზაფხულში, არდადეგების პერიოდში.
სტიპენდიის რაოდენობა:
DAAD გასცემს ნაწილობრივ სტიპენდიას 650 ევროს. ამას ემატება კურსის გადასახადი 200 ევრო და გერმანიამდე თვითმფრინავით მგზავრობის ხარჯი 600 ევრო. საერთო ჯამში სტიპენდია შეადგენს 1450 ევროს. სტიპენდიატი ვალდებულია ჩაეტიოს მოცემულ თანხაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თვითონ ფარავს წარმოქმნილ ხარჯებს. თუმცა მას შეუძლია თვითონ გაანაწილოს სტიპენდიის სახით მიღებული თანხა და ნაცვლად 600 ევროსა, ბილეთისათვის 300 ევრო გაიღოს.
სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტს, რომელსაც განაცხადის შემოტანის მომენტში დამთავრებული აქვს ბაკალავრიატის მინიმუმ ერთი კურსი, შესაბამისად, ამჟამად იმყოფება მეორე ან მესამე და არადამამთავრებელ (მეოთხე, სამედიცინო მიმართულებისთვის მე-6) კურსზე. ასევე მაგისტრებს, რომლებიც განაცხადის შემოტანის მომენტში იმყოფებიან პირველ კურსზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებს, რომლებიც ასწავლიან გერმანისტიკას, გერმანულს, როგორც უცხო ენას, არ აქვთ ხარისხი დაცული და არ შესრულებიათ 32 წელი.
მაგისტრის ხარისხის მქონე კონკურსანტები, ასევე დოქტორანტები კონკურსში არ დაიშვებიან.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 31 ოქტომბერი (18:00 სთ.).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.