სატელევიზიო სიუჟეტების კონკურსი
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს საპრიზო კონკურსს სტუდენტებისათვის გაეროს მიერ შემუშავებული ათასწლეულის განვითარების მიზნების თემაზე შექმნილი საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტების გამოსავლენად.
კონკურსი საშუალებას აძლევს სტუდენტებს - მომავალ ჟურნალისტებს- შექმნან და წარმოადგინონ სატელევიზიო სიუჟეტები ქვეყნისთვის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, ახალგაზრდობის პრობლემები, და სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, განათლება, გარემოს დაცვა და სხვა.
სიუჟეტები ასევე უნდა ასახავდეს ისეთ პროცესებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში, თითოეული მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო დიდი გამოცდილება, საჭიროა მხოლოდ მოტივაცია. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს სტუდენტთა შემოქმედებითი ნიჭი - სიუჟეტის თემა და შინაარსი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
კონკურსი გამოავლენს შვიდ საუკეთესო სიუჟეტს ათასწლეულის განვითარების მიზნებზე. კერძოდ, სიუჟეტის თემატიკა უნდა უკავშირდებოდეს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მიზანს:
მიზანი1: უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა;
მიზანი2: განათლების ხარისხისა და ინსტიტუციური მოწყობის გაუმჯობესები გზით საქართველოს განათლების სისტემის ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში;
მიზანი3: გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა;
მიზანი4: ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
მიზანი5: დედატა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
მიზანი6: აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
მიზანი7: ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა.
მაგალითად, სატელევიზიო სიუჟეტი შეიძლება ექმიანებოდეს გარემოს დაცვის ნებისმიერ საკითხს (კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება), ან საქართველოში განხორციელებულ გარემოს დაცვის რომელიმე პროექტს, რომელმაც საცხოვრებელი გარემო ეკოლოგიურად სუფთა გახადა. განათლებაზე გაკეთებული სიუჟეტი შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: ახალგაზრდობის პრობლემები, რეგიონალური საშუალო სკოლების პრობლემები, და ა.შ.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მოქმედი ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა).
თითოეული წარმოდგენილი ნამუშევარი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: სიუჟეტის ორიგინალობა(სცენის ხარისხი, სიუჟეტის კომპოზიცია) და სიუჟეტის გადაღების ხარისხი (კამერით მუშაობა და მონტაჟი, ფოკუსი, ფერი და განათება) და ხმის ხარისხი. გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება გაეროს კომუნუკაციის სპეციალისტებით და ტელევიზიის პროფესიონალებით, საპროდიუსერო კომპანიებისა და სხვა სპეციალისტებით, რომლებიც ეძებენ შემოქმედ ჟურნალისტთა ახალ თაობას. გამარჯვებულები გამოვლინდება 2010 წლის დეკემბერში. გამარჯვებულებს გაეგზავნება შეტყობინება და მათი ვინაობა განთავსდება გაეროს ვებ-გვერდზე.
კონკურსი გამოავლენს შვიდ გამარჯვებულს. თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 700 ამერიკული დოლარი.
გამარჯვებული ნამუშევრები განთავსდება გაეროს ვებგვერდზე.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 3 დეკემბერი, 18:00 სთ.G
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.