სასექსის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები კლიმატური ცვლილებისა და განვითარების მიმართულებით
სასექსის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს წარჩინებული საერთაშორისო სტუდენტებისთვის კლიმატური ცვლილებისა და განვითარების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამის გასავლელად გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამა ითვალისწინებს 10 სტიპენდიის გამოყოფას თითო სტუდენტზე 4.500 ფუნტი სტერლინგის ოდენობით და დამატებით 3 სტიპენდიას 3.500 ფუნტი სტერლინგის ოდენობით განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებით გამორჩეული სტუდენტებისთვის. პროგრამაში მონაწილეობის მიღებისა და სტიპენდიის მოპოვების მსურველი კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს სოციალურ ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ან/და შესაბამის პროფესიულ გამოცდილებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სრულად შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• ორი სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელთაგან;
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია დიპლომის/დიპლომებისა და ნიშნების ფურცლის/ფურცლების ასლების სახით;
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია;
• კვლევითი ნაშრომის თეზისები.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.