ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

საერთაშორისო სემინარი ესტონეთში (ტალინი) „ცხელი და ცივი ეთნიკური ჯგუფები პოსტსაბჭოთა სივრცეში“

2011 წლის 28 - 29 ოქტომბერს ესტონეთში (ტალინში) ტარდება საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით „ცხელი და ცივი ეთნიკური ჯგუფები პოსტსაბჭოთა სივრცეში“. სემინარში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების წარმომადგენელი პოლიტიკოსები, სტუდენტები და მეცნიერ- მკვლევარები. სემინარის ოფიციალურ სამუშაო ენებს წარმოადგენს ინგლისური და რუსული.
 
სემინარის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს სემინარის მსვლელობისას განხილული და ერთობლივად დამუშავებული  საერთაშორისოდისციპლინარული რეცენზირებული ნაშრომის გამოქვეყნება საერთაშორისო გამომცემლობაში, რომელშიც განხილული იქნება პოსტსაბჭოთა სივრცის ე.წ. „ცივ და ცხელ“ ეთნიკურ ჯგუფებთან და აღნიშნული ჯგუფების გუნება - განწყობილების ცვალებადობასთან დაკავშირებული საკითხები. სემინარის გრძელვადიან მიზანს შეადგენს პოსტსაბჭოთა სივრცის ეთნიკურ დაჯგუფებათა ეთნოენობრივ სიცოცხლისუნარიანობასთან და მათ განწყობა - ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისთვის ხელის შეწყობა, რათა აღნიშნულ საკითხებზე მოხდეს მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის ფორმირება.
 
სემინარში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ არაუმეტეს 500 სიტყვისაგან შემდგარი სამოტივაციო განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს სემინარით გათვალისწინებულ საკითხებზე დასამუშავებელი კვლევითი ნაშრომის თეზისებს, კანდიდატის ვინაობის დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციასა და უმაღლესი სასწავლებლის დასახელებას, რომელსაც მიეკუთვნება კანდიდატი. მოგვიანებით ეტაპობრივად უნდა მოხდეს პროგრამით გათვალისწინებულ საკითხზე სამეცნიერო - კვლევითი ნაშრომის გაგზავნაც. ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია იგზავნება ინგლისურ ენაზე.
 
წინასწარი განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 აპრილი. სამეცნიერო ნაშრომის პირველადი ვერსია უნდა გაიგზავნოს 2011 წლის 30 სექტემბრამდე,  სრული ვარიანტი კი 2011 წლის 31 დეკემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები