საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა რუსეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევებში
გამოცხადდა კონკურსი Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიების მოსაპოვებლად. საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა რუსეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევებში (IMRCEES) განხორციელდება გლაზგოს უნივერსიტეტისა (გაერთიანებული სამეფო) და 5 ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული უნივერსიტეტის მიერ. პროგრამის ასოცირებული პარტნიორი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში ჩართული პირველი ქართული უნივერსიტეტია.
პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ორ დიპლომს. ერთს გასცემს გლაზგოს უნივერსიტეტი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამისთვის რუსეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევებში, ხოლო მეორე ხარისხი იქნება აქ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი, თითოეული სტუდენტის არჩევანის შესაბამისად:
ევროპის კვლევების მაგისტრი - იაგელონიის უნივერსიტეტი, კრაკოვი, პოლონეთი;
ფილოსოფიის მაგისტრი ბალტიის ზღვის რეგიონის კვლევებში - ტურკუს უნივერსიტეტი, ფინეთი;
პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი - ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი, უნგრეთი;
სოციალური მეცნიერებების მაგისტრი (ბალტიის ზღვის რეგიონის კვლევებში) - ტარტუს უნივერსიტეტი, ესტონეთი;
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი - ყაზახეთის მართვის, ეკონომიკისა და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, ყაზახეთი.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პირველ სასწავლო წელს გაატარებენ გლაზგოს უნივერსიტეტში, მეორე წლისათვის კი აირჩევენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ინსტიტუციას. მეორე წლის მეორე სემესტრის გატარება სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად შესაძლებელია ერთ-ერთ ასოცირებულ უნივერსიტეტში:
· ნიჟნი ნოვგოროდის ლობაჩევსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთი
· დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტი, ლონდონი, კანადა
· კიევ-მოჰილას აკადემიის ნაციონალური უნივერსიტეტი, უკრაინა
· აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია, ბაქო, აზერბაიჯანი
· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
მნიშვნელოვანია!!! სტუდენტებს არ შეუძლიათ რომელიმე სემესტრის გატარება საკუთარ ქვეყანაში.
სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს სტიპენდიის მისაღებად განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 2012 წლის 15 იანვრამდე.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.gla.ac.uk/postgraduate/erasmusmundus/programme/
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (მის.: ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F 315, ტელ.: 2230714, ელ-ფოსტა: development@iliauni.edu.ge).