რუმინეთის საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის „ენერგია და ეკონომიკური ზრდა“
რუმინეთის ქალაქ ბუქარესტის ეკონომიკური უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის საზაფხულო სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით „ენერგია და ეკონომიკური ზრდა“. პროგრამა ჩატარდება 2011 წლის 14 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ ორ კვირიან კურსს შერჩეული 55 სტუდენტი გაატარებს ბუქარესტის ეკონომიკურ უნივერსიტეტში, ხოლო ერთ დამატებით შაბათ - კვირა დღეებს მოახმარენ რუმინეთის განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაობათა შესწავლას. ათი წარჩინებული სტუდენტისთვის პროგრამა ითვალისწინებს სრული სტიპენდიების გამოყოფას, დანარჩენები კი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით მიიღებენ ხარჯების ნაწილობრივ ანაზრაურებად სტიპენდიებს. პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიები სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებს: სასწავლო ხარჯებს, დაბინავებასა და სამჯერად კვებას, ერთ დამატებით (შაბათი-კვირა) მოგზაურობას რუმინეთის ტერიტორიაზე, სასწავლო - საკითხავ მასალებთან დაკავშირებულ ხარჯებსა და ე.წ. დახვედრის პაკეტს.
პროგრამაში მონაწილეობისა და სტიპენდიების მიღების მსურველმა კანდიდატებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან (ფორმა ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებ - გვერდზე) ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• რეზიუმე (CV) ევროპულ ფორმატში;
• სამოტივაციო წერილი, რომელიც უნდა შეეხოს შემდეგ საკითხებს: რატომ უნდა იქნას მიღებული სტუდენტი აღნიშნულ პროგრამაზე? მოუტანს თუ არა სტუდენტის აზრით აღნიშნული პროგრამის გავლა მას სამომავლოდ სარგებელს? რატომ სჭირდება სტუდენტს ხარჯების სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება? წერილი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 500 სიტყვისაგან;
• მაქსიმუმ 800 სიტყვისაგან შემდგარი ესე თემაზე: „მსოფლიო ენერგია ჰორიზონტზე - რესურსებისა და მათი მოხმარების ახალი პერსპექტივა“. ესე შედგენილი უნდა იყოს Times New Roman ფონტითა და 12 ზომის შრიფტით, დაცილება სტრიქონებს შორის 1,5.
განაცხადების გაგზავნის ბოლი ვადა 2011 წლის 31 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.