მალაიზიის მთავრობის სტიპენდიები სტუდენტებისთვის
მალაიზიის განათლების სამინისტრო აცხადებს კონკურსს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი წარჩინებული სტუდენტებისთვის მალაიზიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტდოქტორანტურის სასწავლო კურსების გასავლელად გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. დაინტერესებული კანდიდატების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს და მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 3.5/4.0 საშუალო სასწავლო (CGPA) ქულა. აგრეთვე სავალდებულოა დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭებათ შემდეგი მიმართულებების წარმომადგენელ სტუდენტებს: მეცნიერება და ინჟინერია; სოფლის მეურნეობა და თევზჭერა; ეკონომიკა და ისლამური საფინანსო საქმე; საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ბიოტექნოლოგია; ბიო და კვების უსაფრთხოება; ინფრასტრუქტურა და სარგებლიანობა; გარემოს დაცვის მეცნიერებანი; ჯანდაცვა.
პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიებით ანაზღაურდება მალაიზიაში საჰაერო მგზავრობის ხარჯები, სასწავლო ხარჯები, ყოველთვიური საარსებო ხარჯები, წლიური გრანტი სახელმძღვანელოებისა და შიდა მგზავრობისათვის, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები, დაბინავების ხარჯები, კვლევითი ნაშრომის თეზისებთან და ნაშრომთან დაკავშირებული ხარჯები (მხოლოდ დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის), კონფერენციაზე გასამგზავრებელი და ჟურნალში პუბლიკაციასთან დაკავშირებული ხარჯები (მხოლოდ დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტებისთვის).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• ბოლო ხანებში გადაღებული პასპორტის ზომის ფოტოსურათი;
• შევსებული სამედიცინო დასკვნა (ფორმა იხილეთ ვებ - გვერდზე);
• პასპორტის დამოწმებული ასლი, სადაც მოცემულია ინფორმაცია კანდიდატის მოქალაქეობის შესახებ;
• მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლი
სწავლის პროცესში კანდიდატის მიერ განხორციელებული აქტივობებისა და მიღწევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად;
• დეტალური და მკაფიო სასწავლო ან კვლევითი გეგმა;
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: (TOEFL - ხელნაწერი ტესტი მინიმუმ 580 ქულა, კომპიუტერული ტესტი
მინიმუმ 230 ქულა, ინტერნეტ ტესტი მინიმუმ 92 ქულა ან მინიმუმ 6.5 ქულა იელტური შეფასებით);
• რეზიუმე (CV);
• ჩარიცხვის წერილი მალაიზიის უმაღლესი სასწავლებლიდან;
• ორი სარეკომენდაციო წერილი პირთაგან, რომელთაც საკუთარი რეკომენდაციით შეუძლიათ გაამყარონ კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა;
განაცხადების გაგზავნის ზუსტი ბოლო ვადა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. განაცხადები მიიღება ადგილების შევსებამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ: 822 29 47 11.