ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლატვიის ყოველწლიური კონფერენცია "ლანდშაფტი და ტურიზმი"

ლატვიის ქალაქ ვალმიერას ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას სტუდენტებისაგან ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში „ლანდშაფტი და ტურიზმი: დუალისტური ურთიერთკავშირი“ მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ჩატარდება ქალაქ ვალმიერაში 2011 წლის 21 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით. კონფერენციის მსვლელობისას განხილულ იქნება ოთხი ძირითადი თემატიკა:

1. ლანდშაფტი და ტურიზმი: სტაბილურობა და სამომავლო ასპექტების შემუშავება;
2. ლანდშაფტი და ტურიზმი: ეკონომიკური ფასეულობების წარმოქმნა;
3. ლანდშაფტი და ტურიზმი ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში;
4. ლანდშაფტი და ტურიზმი: წინსვლები განათლებისა და კვლევის სფეროებში.

კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენაა ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან დოქტორანტურის სტუდენტები ან დოქტორის ხარისხის მფლობელი პირები პროგრამით გათვალისწინებული ან მონათესავე სფეროებიდან. სტუდენტებისთვის მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ევროს, რაც მოიცავს: კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სამჯერად კვებას, ჩაი/კოფე ბრეიკებს, დახვედრა/მიღებას, კონფერენციის საზეიმო სადილზე დასწრებას და გასეირნებას ქალაქ ვალმიერაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სააპლიკაციო ფორმასთან ერთად  ელექტრონულად უნდა გაგზავნონ მაქსიმუმ 500 სიტყვისაგან შემდგარი თეზისები, რომელშიც მოცემული იქნება პროგრამით გათვალისწინებულ თემებთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხების განხილვა შესაბამისი თეორიულ-პრაქტიკული მიდგომებითა და ჩანართებით. ნაშრომის სათაური არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ სიტყვას. კანდიდატმა ასევე უნდა მიუთითოს, თუ პროგრამით გათვალისწინებული ოთხი საკითხიდან რომელ კონკრეტულ (არაუმეტეს 2) თემას შეეხება მისი ნაშრომი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები