ლატვიის ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტისა და უმაღლესი განათლების მხარდამჭერი საერთაშორისო პროგრამის ერთობლივი სტიპენდიები
ლატვიის ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მხარდამჭერ საერთაშორისო პროგრამასთან (HESP) თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და მონღოლეთის სახელმწიფოთა სტუდენტებისთვის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა კუთხით სხვადასხვა მიმართულებებში სასწავლო კურსების გასავლელად. პროგრამა დაიწყება 2011 წლის შემოდგომაზე. სწავლება ხორციელდება ინგლისურ ენაზე. წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდიების გამოყოფა.
პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატისა ან მაგისტრატურის სასწავლო კურსების გავლის მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• რეზიუმე (CV);
• ორი სარეკოენდაციო წერილი აკადემიური პერსონალისაგან, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ კანდიდატის აკადემიურ - სამეცნიერო მოღვაწეობას და კარგად იცნობენ მის შესაძლებლობებს. წერილები შედგენილი ან თარგმნილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, გადატანილი უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალურ ბლანკზე და უნდა შეიცავდეს რეკომენდატორთა საკონტაქტო ინფორმაციას;
• კანდიდატის მშობლიური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წერილი, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ფაკულტეტი ნებას რთავს სტუდენტს დროებით გააგრძელოს სწავლა სხვა უმაღლეს სასწავლებელში და რომ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები დაემატება სტუდენტის მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში დაგროვილ კრედიტებს;
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე ან ინგლისური თარგმანითურთ;
• სტუდენტის მიღების დამადასტურებელი წერილი მასპინძელი უმაღლესი სასწავლებლიდან;
• სასწავლო შეთანხმება სტუდენტსა და მიმღებ უნივერსიტეტს შორის, სადაც მოცემული იქნება სტუდენტის მიერ პროგრამის ფარგლებში გასავლელად შერჩეული კურსების ჩამონათვალი ან მასპინძელი უნივერსიტეტის ოფიციალური დასტური, რომ სტუდენტის მიერ შერჩეული კურსები ნამდვილად ისწავლება მასპინძელ უნივერსიტეტში სტუდენტის ვიზიტის დროისათვის;
• სტუდენტის მიერ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი განსახორციელებული კვლევის აღწერა მოკლე ესეს სახით;
• პროგრამის მსვლელობისას სტუდენტისათვის აუცილებელი ბიუჯეტის ჩამონათვალი.
დოქტორანტურის კურსების გავლის მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• რეზიუმე (CV);
• დიპლომი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დანართითურთ (ინგლისურ ენაზე ან ინგლისური თარგმანითურთ);
• დოქტორანტურაში სწავლის დეტალური გეგმა;
• მხარდაჭერის წერილი მასპინძელ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტის უშუალო ხელმძღვანელისაგან;
• სტუდენტის მიღების დამადასტურებელი წერილი მასპინძელი უმაღლესი სასწავლებლიდან;
• პროგრამის მსვლელობისას სტუდენტისათვის აუცილებელი ბიუჯეტი.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.