ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლატვიის ქალაქ ვალმიერას ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების ინსტიტუტის საერთაშორისო სასწავლო კვირა

ლატვიის ქალაქ ვალმიერას ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის საერთაშორისო სასწავლო კვირის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა გაგრძელდება 2011 წლის 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით ვალმიერაში. პროგრამის მიმდინარეობისას მოწვეულნი იქნებიან ერასმუს მუნდუსის პროგრამის აკადემიური პესონალის მოწინავე წარმომადგენლები, რომლებიც ჩაატარებენ ლექცია - სემინარებს სხვადასხვა სპეციფიკურ დისციპლინებში, განსაკუთრებით კი უნივერსიტეტის ოთხ ფაკულტეტთან დაკავშირებულ მრავალფუნქციურ სფეროებში. ეს ფაკულტეტებია: ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, საინჟინრო ფაკულტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ტურიზმის ორგანიზებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.

პროგრამის მიზანია, შანსი მისცეს მონაწილე სტუდენტებს, გაიღრმაონ ცოდნა სხვადასხვა პედაგოგიურ მეთოდიკებსა და პერსპექტივებში, აგრეთვე გამოცდილებათა ურთიერთგაზიარების მეშვეობით წაახალისოს პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთა აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის მობილობის განვითარება. გარდა ლექცია - სემინარებისა, სასწავლო კვირის პროგრამა ითვალისწინებს  საერთაშორისო პრეზენტაციის მოწყობასაც, სადაც მოწვეულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ,  კოლეგებს უკეთ გააცნონ მშობლიური ქვეყნები და უმაღლესი სასწავლებლები. პროგრამის ოფიციალურ სამუშაო ენას წარმოადგენს ინგლისური. მონაწილეთათვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას გარკვეული ფინანსური დახმარება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საერთაშორისო სასწავლო კვირის მონაწილე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ე.წ. “ATLAS” კონფერენციას სახელწოდებით: “ლანდშაფტი და ტურიზმი: დუალისტური ურთიერთკავშირი“, რომელიც ჩატარდება ვალმიერაში 2011 წლის 21–23 სექტემბერს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და თან დაურთონ რეზიუმე (CV).
 
 დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები