ლატვიის ქალაქ ვალმიერას ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების ინსტიტუტის საერთაშორისო სასწავლო კვირა
ლატვიის ქალაქ ვალმიერას ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო სასწავლო კვირის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2011 წლის 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით ვალმიერაში. პროგრამის მიმდინარეობისას მოწვეულნი იქნებიან ერასმუს მუნდუსის პროგრამის აკადემიური პესონალის მოწინავე წარმომადგენლები, რომლებიც ჩაატარებენ ლექცია - სემინარებს სხვადასხვა სპეციფიკურ დისციპლინებში, განსაკუთრებით კი უნივერსიტეტის ოთხ ფაკულტეტთან დაკავშირებულ მრავალფუნქციონალურ სფეროებში. ეს ფაკულტეტებია: ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკს ფაკულტეტი, საინჟინრო ფაკულტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ტურიზმის ორგანიზებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.
პროგრამის მიზანია შანსი მისცეს მონაწილე სტუდენტებს გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა პეადაგოგიურ მეთოდიკებსა და პერსპექტივებში, აგრეთვე გამოცდილებათა ურთიერთგაზიარების მეშვეობით წაახალისოს პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთა აკადემიურ პერსონალსა და სტუდნეტებს შორის მობილობის განვითარება. გარდა ლექცია - სემინარებისა, სასწავლო კვირის პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე საერთაშორისო პრეზენტაციის მოწყობასაც, სადაც მოწვეულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ კოლეგებს უკეთ გააცნონ მშობლიური ქვეყნები და უმაღლესი სასწავლებლები. პროგრამის ოფიციალურ სამუშაო ენას წარმოადგენს ინგლისური. მონაწილეთათვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას გარკვეული ფინანსური დახმარება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საერთაშორისო სასწავლო კვირის მონაწილე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალება ექნებათ დაესწრონ ე.წ. “ATLAS” კონფერენციას სახელწოდებით “ლანდშაფტი და ტურიზმი: დუალისტური ურთიერთკავშირი“, რომელიც ჩატარდება ვალმიერაში 2011 წლის 21–23 სექტემბერს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და თან დაურთონ რეზიუმე (CV).
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.