იტალიის წმინდა ანას სკოლის სადოქტორო სტიპენდიები ეკონომიკაში
იტალიის წმინდა ანას სკოლა აცხადებს კონკურსს საერთაშორისო მაღალკვალიფიციური და მოტივირებული სტუდენტებისთვის ეკონომიკის მიმართულებით სადოქტორო სასწავლო პროგრამის გასავლელად. პროგრამა 3 წლიანია და საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაეუფლონ პროფესიონალური აკადემიური კვლევის განხორციელების უნარ - ჩვევებს სამთავრობო სტრუქტურებში, ფინანსურ დაწესებულება - ორგანიზაციებში, საერთაშორისო სააგენტოებსა და კერძო კომპანიებში სამსახურებრივი კარიერის უზრუნველსაყოფად. წარჩინებული სტუდენტებისთვის პროგრამა ითვალისწინებს სტიპენდიის გამოყოფას, რომელიც მოიცავს ყოველწლიურ ანაზღაურებას 12.500 ევროს ოდენობით დამატებით კვებისა და დაბინავების ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ან მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. დაიშვებიან ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც აღნიშნულ ხარისხს მიიღებენ 2011 წლის 19 სექტემბრამდე.
დაინტერესებულმა კანდიდატემა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკმენტაცია:
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• პირადობის მოწმობის ასლი და საზღვარგარეთის პასპორტის ფოტოასლი;
• რეზიუმეს (CV) ორი ასლი, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია კანდიდატის მიერ გავლილი სამეცნიერო ტრენინგების, პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული ნაშრომებისა და სხვა აკადემიურ - სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ;
• დიპლომის ასლი შესაბამის დანართთან (ნიშნების ფურცელთან) ერთად (ინგლისურ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე);
• სამაგისტრო ნაშრომის ასლი მისივე თეზისების ორ ასლთან ერთად, აგრეთვე იმ გამოქვეყნებული ნაშრომის ასლი, რომელსაც კანდიდატი ჩათვლის მოცემულ პროგრამასთან შესაბამისად (ინგლისურ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე);
• არაუმეტეს 2000 სიტყვისაგან შემდგარი კვლევითი პროექტის ორი ასლი, სადაც ასახული იქნება იტალიაში დოქტორანტურის კურსის გავლისას კანდიდატის მიერ მიზნად დასახული კვლევითი აქტივობები;
• მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალის იმ წარმომადგენელთაგან, რომლებიც უშუალოდ უწევდნენ ზედამხედველობას კანდიდატის სასწავლო - კვლევით საქმიანობას მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში და შეუძლიათ ობიექტურად შეაფასონ მისი სასწავლო - კვლევითი პოტენციალი, პროფესიული მისწრაფებანი, მზადყოფნა დოქტორანტურისთვის და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 13 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.