იტალიის მთავრობის სასწავლო გრანტები საერთაშორისო სტუდენტებისთვის
იტალიის მთავრობა წარჩინებულ საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს გრანტების გამოყოფას სხვადასხვა მიმართულებებში სასწავლო და კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად. გრანტები მოიცავს იტალიიდან სამშობლოში დასაბრუნებელი საჰაერო მგზავრობის ხარჯებს, ყოველთვიურ სოლიდურ სტიპენდიასა და ჯანმრთელობის, აგრეთვე უბედური შემთხვევისაგან დაზღვევას. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იტალიური ენის პედაგოგებსა და იტალიური ენის სწავლებაში აქტიურად ჩართულ პირებზე. პროგრამით გათვალისწინებულ ნებისმიერ მიმართულებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა იტალიური ენის სრულფასოვნად ფლობა.
მოცემული საგრანტო პროგრამა მოიცავს შემდეგ დარგებსა და მიმართულებებს: იტალიური ენის შემსწავლელ მოკლევადიან (სამ თვიან კურსებს); ინდივიდუალურ საუნივერსიტეტო კურსებს მთელ რიგ მიმართულებებში; ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებაზე ორიენტირებულ კურსებს; კურსებს თანამედროვე მუსიკალურ და სახელოვნებო მიმართულებებში; იტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელ კურსებს იტალური ენის პედაგოგებისათვის; მეცნიერ-მკვლევართათვის განკუთვნილ კურსებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა იტალიურ ენაზე ოფიციალურ თარგმანთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულად შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა პასპორტის ზომის ფოტოსურათთან ერთად;
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შერჩეული პროგრამის გათვალისწინებით საშუალო განათლების ატესტატის, ბაკალავრის, მაგისტრისა ან დოქტორის აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დიპლომის ორიგინალის ფოტოასლები ნიშნების ფურცლებითურთ იტალიურ ენაზე ოფიციალურ დონეზე შედგენილი თარგმანებითურთ);
• სარეკომენდაციო წერილები აკადემიური პერსონალის წარმომადგენელთაგან;
• სტუდენტის მიღების დამადასტურებელი წერილი მასპინძელი იტალიური უმაღლესი სასწავლებლიდან;
• ვადიანი საზღვარგარეთის პასპორტი ან სხვა საიდენტიფიკაციო მოწმობა;
• მოქალაქეობის ცნობა;
• სააპლიკაციო ფორმაში აღნიშნული სასწავლო/აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ორიგინალები;
• ხელმოწერილი საგარანტიო წერილი;
• ჯანმრთელობის ცნობა.
საყურადღებოა, რომ სტუდენტის მიერ შერჩეული კონკრეტული საგრანტო პროგრამა შესაძლებელია შეიცავდეს რიგ დამატებით მოთხოვნებსაც, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პროგრამის ვებ - გვერდზე.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 2 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.