ინდოეთის მთავრობის სტიპენდიები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა საბჭო (ICCR) აცხადებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ინდოეთის უმაღლეს სასწავლებებში სხვადასხვა მიმართულებების განხრით სტიპენდიების პროგრამას. სწავლება ხორციელდება ინგლისურ ენაზე. სტიპენდია მოიცავს სასწავლო გრანტებს, საარსებო ხარჯების ანაზღაურებას ყოველთვიურად 6.500 ინდური რუპიის ოდენობით (105 ევრო) და დაბინავების ხარჯებს ყოველთვიურად 3.500 (57 ევრო) რუპიის ოდენობით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომი დანართითურთ) პასპორტის ზომის სამი ფოტოსურათის ასლთან ერთად. დოქტორანტურისა ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელმა სტუდენტებმა უნდა გაგზავნონ ასევე სადოქტორო ნაშრომის თეზისები. გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ცნობა სამუშაო ადგილიდან. პროგრამის გავლისა და სტიპენდიის მოპოვების ყველა მსურველ კანდიდატს მოუწევს ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი გამოცდის გავლა.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 23 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.