გაცვლითი პროგრამა ჟურნალისტებისათვის
ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრი (ICFJ) აცხადებს კონკურსს ქართველი ჟურნალისტებისთვის სამწლიანი გაცვლითი სასწავლო პროგრამის მეორე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამას აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უშუალო მონაწილეობით. ხოლო მის განხორციელებას უზრუნველყოფს ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრი ვაშინგტონში.
პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში, რათა ამერიკის მედიაგამოცემებში სასწავლო ტურების და ინტერნშიფების დახმარებით უკეთ გაერკვნენ თავისუფალი მედიის უფლებებსა და პასუხისმგებლობებში. პროგრამის მონაწილეები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეცნობიან მედიასაქმიანობის და წარმოების პრინციპებს, თანამედროვე მედიასტანდარტებს, მედია ინსტიტუტებს და სიტყვის თავისუფლების დამცავ მექანიზმებს.
ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს სამწლიან პროგრამას, რომელიც ყოველწლიურად 17 მონაწილის, ჯამში კი 51 ქართველი მედიაპროფესიონალის მომზადებას ითვალისწინებს. 2012 წლის პროგრამა გათვლილია ტელე-რადიო და ონლაინ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობის შუა კარიერულ საფეხურზე იმყოფებიან და პირველად ეძლევათ საშუალება, პრაქტიკა გაიარონ აშშ-ს მედია ორგანიზაციებში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე რეიტინგული სატელევიზიო თოქ-შოუს წამყვანებს.
პროგრამა მასში მონაწილეობის მსურველებს სამ არჩევანს სთავაზობს:
ჟურნალისტებს შეუძლიათ განაცხადი შეავსონ ორკვირიან სასწავლო ტურში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 14 შერჩეულ ჟურნალისტის ვიზიტს ითვალისწინებს სხვადასხვა ორგანიზაციაში (სამაუწყებლო კომპანიები, არასამთავრობო და სიტყვის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები და ა.შ). პროგრამა უზრუნველყოფს თარჯიმანს არაინგლისურენოვანი მონაწილეებისთვის, რაც მათ კონკურსში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
პროგრამა უზრუნველყოფს ჟურნალისტების განათლებას როგორც ჟურნალისტიკის ზოგად პრინციპებში, ასევე მათ სპეციალიზაციას კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა: საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ბიზნეს რეპორტინგი, ციფრული მედია და მედიამენეჯმენტი. პროგრამით გათვალისწინებულია შეხვედრა/დისკუსიები სამთავრობო, მედია და ბიზნეს-წრეების ლიდერებთან. ასევე დაგეგმილია ტური ამერიკის წამყვან მედიაკომპანიებში, სახელმწიფო და კვლევით ორგანიზაციებში.
არაინგლისურენოვან მონაწილეებს, დამატებით შეუძლიათ განაცხადი შემოიტანონ აშშ-ს მედიაორგანიზაციაში ორკვირიანი ინტერნშიფისთვის, რომელიც ორკვირიანი სასწავლო ტურის დასრულებისთანავე დაიწყება. შეჩეული ორი ჟურნალისტი უზრუნველყოფილი იქნება თარჯიმნით, რომელიც მათთან ერთად იმოგზაურებს.
ინგლისურენოვან მონაწილეებს კი აპლიკაციის შევსება შეუძლით აშშ-ს მედიაორგანიზაციაში სამკვირიანი ინტერნშიფისთვის. შერჩეული სამი მონაწილე მხოლოდ სამი დღით შეუერთდება ორკვირიან სასწავლო ტურს და შემდეგ თითოეული მათგანი მისთვის განკუთვნილ მედია ორგანიზაციაში გამეგზავრება.
იმის მიხედვით, თუ როდის დასრულდება კონკრეტული ჟურნალისტის პროგრამა, სასწავლო ეტაპის შემდეგ ყველა მათგანი მონაწილეობას მიიღებს გამოკითხვა/სესიაში, სადაც მონაწილეები გააანალიზებენ მიღებულ გამოცდილებას და იმსჯელებენ, როგორ დაეხმარებათ მიღებული ცოდნა საქართველოში და როგორ აისახება შეძენილი გამოცდილება მათ მომავალ საქმიანობაზე ქართულ მედიაკომპანიებში.
ჟურნალისტები აიმაღლებენ ზოგად პროფესიულ დონეს და უფრო ღრმა წარმოდგენა შეექმნებათ აშშ-ს მედიასექტორზე. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ამგვარი გამოცდილება საქართველოში დაბრუნებულ პროფესიონალებს დაეხმარება, გაზარდონ თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში, ხელი შეუწყონ დამოუკიდებელი და კონკურენტუნარიანი მედიის განვითარებას.
2012 წლის პროგრამა, სავარაუდოდ, ივნისისთვის იგეგმება. აპლიკაციის შევსების ვადა 2011 წლის 15 ნოემბერს იწურება.
დამატებითი ინფორმაცია:
• პროგრამა ფარავს პროექტით გათვალისწინებულ ყველა ხარჯს (მგზავრობა, დაბინავება, ვიზა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ყოველდღიური ხარჯები და ა.შ.)
• პროგრამა ითვალისწინებს თარჯიმნის მომსახურებას არაინგლისურენოვანი მონაწილეებისთვის.
• კონკურსში გამარჯვებულმა მონაწილემ თავად უნდა შეიტანოს აშშ-ს ვიზის განაცხადი. ვიზაზე უარის თქმის შემთხვევაში, მასპინძელი ორგანიზაცია თავის თავზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.