ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს სტიპენდიები
ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიურო ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის აცხადებს კანდიდატების მიღებას ევროპულ სამაგისტრო პროგრამაზე (EURMed) პოლ სეზანის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) ურბანიზაციისა და დაგეგმარების მიმართულებით და ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში გთავაზობთ ოც სრულ სტიპენდიას. პროგრამა ასევე აერთიანებს შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს: ესპანეთის სევილიის უნივერსიტეტი, იტალიის გენუის უნივერსიტეტი და პორტუგალიის ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტი. პროგრამის მონაწილე სტუდენტი ვალდებულია სასწავლო კურსები გაიაროს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ორ უმაღლეს სასწავლებელში.
პროგრამა მთლიანობაში მოიცავს ოთხ სემესტრს (120 კრედიტი). სწავლება განხორციელდება ესპანურ, ფრანგულ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს დაგეგმარების, არქიტექტურის, გეოგრაფიის, ურბანული სწავლებებისა ან მათ მონათესავე ნებისმიერ სხვა სპეციალობაში. ლისაბონის ტექნიკურ უნივერსიტეტში მესამე და მეოთხე სემესტრის გატარების მსურველი კანდიდატისათვის სავალდებულოა წინასწარი ტექნიკური კვალიფიკაცია.
ყველა კანდიდატმა უნდა წარადგინოს პროგრამით გათვალისწინებული ოთხი სასწავლო ენიდან მინიმუმ 2 ენის სრულფასოვნად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 14 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.