ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ევროპული სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებათა და დემოკრატიზაციის კუთხით

ევროპული სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებათა და დემოკრატიზაციის კუთხით ორგანიზებულია ადამიანის უფლებათა და დემოკრატიზაციის ევროპული შიდასაუნივერსიტეტო ცენტრის (EIUC) მიერ. იგი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ საკვანძო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიონალების განათლებას ადამიანის უფლებათა და დემოკრატიზაციის სფეროებში. პროგრამა მოიცავს ერთწლიან მულტიდისციპლინარულ ინტენსიურ აკადემიურ კურსს.

სასწავლო მიმართულებები:

• საერთაშორისო სამართალი;
• პოლიტიკა;
• ფილოსოფია;
• ადამიანის უფლებათა დაცვის ანთროპოლოგია.

2009 წლიდან მოყოლებული, პროგრამაში გაერთიანებულია 7 საერთაშორისო უნივერსიტეტი: გრაზის უნივერსიტეტი, ლივანის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, ჰამბურგის უნივერსიტეტი, პადუას უნივერსიტეტი, ვენეციის ფოსკარის უნივერსიტეტი და ბილბაოს დეუსტოს უნივერსიტეტი. 2010 წლის სასწავლო პროგრამისათვის გაერთიანებაში ჩაბმას გეგმავენ მსოფლიოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტებიც.

E.MA პროგრამის მონაწილე სტუდენტებს სასწავლო კურსის გავლისას საშუალება მიეცემათ შეიძინონ ორმაგი გამოცდილება: აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სახით. ერთის მხრივ, ისინი შეძლებენ განახორციელონ აკადემიური კვლევა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიზაციის კუთხით, მეორე მხრივ კი შეიძინონ პრაქტიკოს ადამიანის უფლებათა დამცველთათვის აუცილებელი ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა მოხსენებათა მომზადება, ფაქტების მოძიება და მონიტორინგის ჩატარების უნარი.

პროგრამა ორსემესტრიანია. პირველი სემესტრი (2010 წლის სექტემბრიდან 2011 იანვრამდე) ჩატარდება ვენეციაში (ლიდო), მეორე კი (2011 თებერვლიდან ივლისამდე) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს E.MA პროგრამის მონაწილე ერთ-ერთ უნივერსიტეტში.

E.MA პროგრამის ოფიციალურ სამუშაო ენებს წარმოადგენს ინგლისური და ფრანგული. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ინგლისური ენის სრულფასოვნად ცოდნა. მართალია ეს არ წარმოადგენს უდავო ვალდებულებას, მაგრამ ფრანგულ ენაზე ლექციების მოსმენისა და აკადემიური ტექსტების თავისუფლად კითხვის უნარი მაინც ჩაითვლება კანდიდატის გარკვეულ უპირატესობად პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების განხილვისას. გარდა ამისა, კანდიდატს მნიშვნელოვნად დაეხმარება აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამთავრობოთაშორისო, სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• ავტობიოგრაფია (СV);
• უნივერსიტეტის დიპლომის ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ოფიციალურად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე) საგამოცდო სესიებში მიღებული კრედიტების ამსახველ დოკუმენტაციასთან ერთად;
• დამატებითი კრედიტების დაგროვების დამადასტურებელი მოწმობა, მათ შორის ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მიღებული შეფასებებისა და დაგროვილი კრედიტების შესახებ;
• ორი სარეკომენდაციო წერილი;
• უცხო ენის ფლობის დამადასტურებელი ოფიციალური სერთიფიკატები და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნა უნდა მოხდეს ელ-ფოსტის მისამართზე: secretariat@eiuc.org
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 19 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდები: www.emahumanrights.org, www.eiuc.org

ან მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11

 

 

ბანერები