ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და გერმანიის თეოდორ ჰეუსის კოლეჯის საერთაშორისო სემინარების პროგრამა

სემინარები

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გერმანიის რობერტ ბოშის ფონდთან და მიტოსტის ასოციაციასთან არსებულ თეოდორ ჰეუსის კოლეჯთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს წარჩინებული  სტუდენტებისთვის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან საერთაშორისო სემინარებში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით „გახდი მონაწილე“, რომლებიც ჩატარდება საქართველოში 2011 წლის 14 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით.

სემინარები ჩატარდება შემდეგი განრიგით და მოიცავს შემდეგ თემებს:

•    9 დღიანი სემინარის განმავლობაში, რომელიც ჩატარდება 2011 წლის 14 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, მონაწილე სტუდენტებს საშუალება მიეცემათ განიხილონ მათ სახელმწიფოებში არსებულ საზოგადოებებთან დაკავშირებული საკითხები, მიიღონ მეტი ინფორმაცია დემოკრატიასთან მიმართებაში და პრაქტიკული გამოცდილება შეიძინონ პროექტების მართვის მიმართულებით. მათ დაევალებათ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად დაამუშავონ და წარმოადგინონ საპროექტო კონცეფციები საზოგადოებაზე ორიენტირებული საქველმოქმედო პროექტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივ თუ უცხოურ სივრცეში. საუკეთესო პროექტები დაფინანსდება;
•    6 დღიანი სემინარის განმავლობაში, რომელიც ჩატარდება 2011 წლის 17 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, მონაწილეებს საშუალება ექნებათ სრულყონ საკუთარი საპროექტო კონცეფციები, გაიუმჯობესონ პროექტების მართვასთან დაკავშირებული უნარ - ჩვევები და პრაქტიკულ საქმიანობაში მონაწილეობით აიმაღლონ კომპეტენცია;
•    დრო 2011 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით დაეთმობა დამუშავებული პროექტების განხორციელებას;
•    6 დღიანი სემინარის განმავლობაში, რომელიც ჩატარდება 2011 წლის 21 ნოემრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, მონაწილეები შეფასებას გაუკეთებენ დამუშავებული პროექტების ზეგავლენას მათ მიერ შეძენილ გამოცდილებასა და ცოდნაზე და საქმიანობის საბოლოო შედეგებს წარმოადგენენ დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე.

სამივე ზემოთჩამოთვლილ სემინარზე დასწრება სავალდებულოა.
მონაწილეობის მსურველი კანდიდატების უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს, სომხეთის ან აზერბაიჯანის მოქალაქეებს. მათი ასაკი უნდა განისაზღვრებოდეს 18 წლიდან 24 წლამდე (24 წელზე მეტი ასაკის პირები მიიღებიან მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში). კანდიდატები მოტივირებულნი უნდა იყვნენ წვლილი შეიტანონ საკუთარი სახელმწიფოებრიობის განვითარებაში და სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ ენას.

პროგრამა ყველა მონაწილეს აუნაზღაურებს მგზავრობასთან, კვებასა და დაბინავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 4 აპრილი. დამატებითი გასაუბრებისთვის მსურველთა შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან. 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები