ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო სტიპენდიები მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ამოღება და ცოდნის მენეჯმენტი

ცხადდება ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ამოღება და შეძენილი ცოდნის მენეჯმენტი. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრის ხარისხის მფლობელ სტუდენტებს კომპიუტერული, მათემატიკური ან სტატისტიკური მეცნიერებების დარგში.

პროგრამა აერთიანებს შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს:
საფრანგეთი - პარიზის პიერ და მარია კუარიეების, ლიონის ლუმიერისა და ნანტისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტები;
რუმინეთი - ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი;
იტალია - აღმოსავლეთ პიემონტის უნივერსიტეტი;
ესპანეთი - კატალონიის ტექნიკური უნივერსიტეტი.

თითოეულ მონაწილე სტუდენტს მოუწევს მინიმუმ 2 სასწავლო სემესტრის გატარება პროგრამის მონაწილე ოთხი ქვეყნიდან მინიმუმ ორ ქვეყანაში. თითოეულ ქვეყანაში 120 კრედიტის დაგროვების შემდეგ სტუდენტს ავტომატურად მიენიჭება კონკრეტული ქვეყნის სახელმწიფო სამაგისტრო ხარისხი. ე.წ. „მესამე ქვეყნების“ სტუდენტებისათვის განკუთვნილი ყოველწლიური სტიპენდიების სრული ოდენობა შეადგენს 24.000 ევროს სასწავლო, მგზავრობის, დაზღვევის, დაბინავებისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.

კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    აუცილებელია აღინიშნოს, სურს თუ არა განცხადებელს სტიპენდიის მოპოვება;
•    უახლესი ფოტოსურათი;
•    პასპორტისა ან კანონიერი ძალის მქონე სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის ასლი;
•    3 ან 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამის გავლის შედეგად მიღებული შეფასებების ჩამონათვალი;
•    ბაკალავრიატის კურსის გავლისას კომპიუტერულ, მათემატიკურ ან სტატისტიკურ მეცნიერებებში გავლილი სასწავლო კურსების აღწერა;
•    უცხო ენაზე მიღებული დიპლომები ან სერთიფიკატები;
•    სამოტივაციო წერილი;
•    რეზიუმე (CV), სადაც დასახელებული იქნება კანდიდატის წარსული სამუშაო ადგილები და პროფესიული გამოცდილება;
•    ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია ელ–ფოსტის მისამართები);
•    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მინიმუმ 550 ქულა TOEFL ტესტში ან მისი ექვივალენტური შეფასება).

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები