ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო სტიპენდიები ინფორმატიკასა და მედია ტექნოლოგიებში
ერასმუს მუნდუსის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ინფორმატიკასა და მედია ტექნოლოგიებში (CIMET) წარმოადგენს ოთხი უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივ პროგრამას.
ეს სასწავლებლებია:
საფრანგეთი - წმინდა ეტიენის უნივერსიტეტი;
ფინეთი - აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი;
ესპანეთი - გრანადას უნივერსიტეტი;
ნორვეგია - გიოვიკის საუნივერსიტეტო კოლეჯი.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკის, მათემატიკისა ან მათი მონათესავე დარგების სტუდენტები. სტუდენტი უნდა ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ხარისხს.
პროგრამის ფარგლებში იმ სახელმწიფოთა წარჩინებული სტუდენტებისათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ ევროკავშირის წევრებს, განსაზღვრულია ერასმუს მუნდუსის A კატეგორიის სტიპენდიები.
სტიპენდიის ოდენობა: 48.000 ევრო (ითვალისწინებს ორ სასწავლო წელს).
იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც 1 წელზე მეტი აქვთ გატარებული ევროკავშირის წევრი ერთ - ერთი სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლებელში, ხელმისაწვდომია B კატეგორიის სტიპენდიებიც.
სტიპენდიის ოდენობა: 20.000 ევროდან 23.000 ევრომდე (ითვალისწინებს ორ სასწავლო წელს).
პროგრამაში მონაწილეობისა და სტიპენდიის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულყოფილი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე;
• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, სადაც პროგრამაზე განაცხადის შეტანის მიზეზებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, თუ პროგრამაში მონაწილე ოთხი უმაღლესი სასწავლებლიდან რომელ ორ უნივერსიტეტში სურს კანდიდატს პირველი/მეორე (ერთი უნივერსიტეტი) და მესამე (მეორე უნივერსიტეტი) სემესტრების გატარება;
• აკადემიური ხარისხის ფლობისა და აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე ან მშობლიურ ენაზე დამოწმებული ინგლისურ თარგმანთან ერთად;
• ორი სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალისგან, რომელიც უნდა გაიგზავნოს უშუალოდ რეკომენდატორების მიერ ელ-ფოსტის მისამართზე ან იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება რეკომენდაციების გაგზავნა წერილებს უნდა დაერთოს რეკომენდატორთა საკონტაქტო ინფორმაცია;
• ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• კვლევითი ნაშრომებისა და პუბლიკაციების თეზისები;
• ვადიანი საზღვარგარეთის პასპორტი;
• დაბადების მოწმობის ასლი ინგლისურ ენაზე;
• გამოქვეყნებული ნაშრომების ჩამონათვალი.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 28 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.