ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერული სისტემები
ცხადდება ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერული სისტემები (EMECS). პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის, ასევე კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხის მფლობელ კანდიდატებს. პროგრამა აერთიანებს შემდეგ უნივერსიტეტებს: გერმანიის კაისერსლაუტერნის უნივერსიტეტი, ნორვეგიის ტრონჰეიმის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი და დიდი ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტი. პროგრამა ორ წლიანია და მის ძირითად სამუშაო ენას წარმოადგენს ინგლისური.
არა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენელი სტუდენტებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ე.წ. A კატეგორიის სრულ სტიპენდიებს 2 წლის განმავლობაში 16.000 ევროს ოდენობით. სტიპენდია ანაზღაურებს სასწავლო გადასახადს, მგზავრობის, დაბინავებისა და პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელ ხარჯებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ელექტრონული /კომპიუტერული ინჟინერიის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ნიშნების ფურცელთან ერთად;
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL - ხელნაწერი ტესტი 600 ქულა, კომპიუტერული ტესტი 250 ქულა, ინტერნეტ ტესტი 100 ქულა ან/და 6.5 ქულა იელტური შეფასებით);
• სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო) კაისერსლაუტერნის უნივერსიტეტში მაგისტრატურაში ჩასაბარებელი (GRE) გამოცდის შედეგების წარდგენა (უნივერსიტეტის საგამოცდო კოდის ნომერია 7143);
• მოკლე სამოტივაციო წერილი;
• ორი სარეკომენდაციო წერილი;
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 16 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.