ერასმუს მუნდუსის სადოქტორო სტიპენდიები ეკონომიკასა და სამართალმცოდნეობაში
ბოლონიის, ჰამბურგისა და როტერდამის უნივერსიტეტები აცხადებენ ერთობლივ სადოქტორო პროგრამას ეკონომიკისა და სამართალმცოდნეობის მიმართულებით. პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური იურისტები და ეკონომისტები, რომელთაც მნიშვნელოვანი წინსვლის პერსპექტივა ექნებათ აკადემიური თუ კვლევითი კარიერის შესაქმნელად, აგრეთვე სამთავრობო, კვლევით და საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციებში საპასუხისმგებლო თანამდებობების დასაკავებლად.
პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისათვის, რომლებიც ფლობენ მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში, სამართალმცოდნეობასა ან სხვა შესაბამის დისციპლინებში. მოცემული სასწავლო კურსისათვის ერასმუს მუნდუსის პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდია შეადგენს 33.600 ევროს ყოველწლიურად 3 წლის განმავლობაში, რაც თვეში მოიცავს 1.600 ევროს დამატებით მგზავრობისა და დაბინავების ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• ევროპული მოდელის რეზიუმე (CV), რომელიც მოიცავს ინფორმაციას აკადემიური, პროფესიული თუ სხვაგვარი განათლების მიღების შესახებ;
• მიღებული შეფასებების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია (ინგლისურ ენაზე);
• ორი სარეკომენდაციო წერილი;
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL ან იელტური შეფასება); ამ დოკუმენტაციის გაგზავნა არ ევალებათ პირებს, რომელთაც მოსმენილი აქვთ მინიმუმ 6 თვიანი საუნივერსიტეტო კურსები ინგლისურ ენაზე;
• აკადემიური ნაშრომის თეზისები (მაქსიმუმ 2 გვერდი);
• ვადიანი პასპორტის ასლი.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 10 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.