დიდი ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდიები მენეჯმენტის მიმართულებით
დიდი ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტი მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტის სიაშია. რიგ სპეციალობებში ეს უნივერსიტეტი ლიდერის პოზიციას იკავებს დიდი ბრიტანეთის მასშტაბით. როგორც კვლევითი ცენტრი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტი შედის გაერთიანებული სამეფოს 15 საუკეთესო უნივერსიტეტის რიცხვში.
2011–2012 სასწავლო წლისათვის საუთჰემპტონის უნივერსიტეტი აცხადებს საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის მენეჯმენტის მიმართულებით სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამას. სტუდენტებს წლიური სტიპენდია დაენიშნებათ წელიწადში 5.000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით სწავლის საფასურზე ფასდაკლების სახით. მაგისტრატურაში სწავლის საფასური შეადგენს 11.440–13.500 ფუნტ სტერლინგს (14.460 ფუნტი სტერლინგი ლაბორატორიული სამუშაოების ჩათვლით). პროგრამის სამუშაო ენაა ინგლისური.
სტიპენდიის მოპოვების მსურველი კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს ან აზერბაიჯანის მოქალაქეებს და ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით. სტუდენტები უნდა გამოირჩეოდნენ ბრწყინვალე აკადემიური მოსწრებითა და მაღალი მოტივაციით. სავალდებულოა აგრეთვე ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობა (მინიმუმ 7.0 ქულა იელტური შეფასების სისტემით).
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 18 მარტი, თუმცა რამდენადაც სასტიპენდიო ფონდი შეზღუდულია, სასურველია დროულად იქნას გაგზავნილი სააპლიკაციო განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.