დაფინანსებადი სტაჟირების პროგრამა
"EWMI"-ს "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) პროგრამა აცხადებს საბუთების მიღებას ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე. სულ დაფინანსდება საჯარო პოლიტიკის, სახელმწიფო მართვის, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის და სხვა მონათესავე სპეციალობების 25-30 მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტი.
გრანტის მოცულობა: $900 - $1,800.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე.
საბუთების მიღება: ღია (საგანაცხადო ფორმები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ყოველი თვის ბოლო პარასკევამდე).
სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 თვემდე, წელიწადის ნებისმიერ დროს, მათ შორის, ზაფხულშიც. სტაჟირების გავლა შესაძლებელია წამყვან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ან საჯარო უწყებებში. სტაჟიორებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საჯარო პოლიტიკის კვლევაში ან/და ფაქტებზე დამყარებული ადვოკატირების კამპანიის განხორციელებაში. სტაჟირებები, რომელთა უდიდესი ნაწილი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას ეთმობა, არ დაფინანსდება. სტაჟირების გავლა შესაძლებელია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. აპლიკანტებს რეგიონებიდან მიენიჭებათ უპირატესობა.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრანტ და დოქტორანტ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში ან ცოტა ხნის წინ დაასრულეს სწავლა, ასევე ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებს, რომლებიც მაგისტრატურაზე აპირებენ სწავლის გაგრძელებას. სასურველია, რომ სტუდენტებმა სტაჟირებაში აკადემიური კრედიტები მიიღონ. უპირატესობა სწორედ იმ აპლიკანტებს მიენიჭებათ, რომელთაც ეს საკითხი უმაღლეს სასწავლებლებთან წინასწარ ექნებათ შეთანხმებული.
საბუთების მიღება დაწყებულია!
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
• G-PAC-ის საგანაცხადო ფორმა;
• სამოტივაციო წერილი;
• ოფიციალური წერილი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ან საჯარო უწყებიდან, რომლითაც ორგანიზაცია/უწყება ადასტურებს, რომ დაფინანსების შემთხვევაში მიიღებს სტაჟიორს;
• ავტობიოგრაფია (CV);
• სამი რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
• აპლიკანტებმა, რომლებიც სტაჟირების პერიოდში უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, უნდა წარმოადგინონ უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალური ნებართვაც.
საგანაცხადო ფორმები მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, თუმცა ინგლისური უკეთესია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.